19 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მომზადებულ საქართველოს მხარდამჭერ ახალი რეზოლუციაში მოხვდება

საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს მხარდამჭერი ახალი რეზოლუციის მიღებას გეგმავს, სადაც პირველად ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და საზარელი მკვლელობების შეფასება მოხვდება.

დოკუმენტი, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ მომზადდა.

ეს რეზოლუცია გახდება საერთაშორისო მობილიზაციის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი, რომლითაც დასავლეთი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და აფიქსირებს პოზიციას, ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე.

მეგობართა ჯგუფი კი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია იმისათვის, რომ ეუთო-ს დღის წესრიგში საქართველოს საკითხი მუდმივად სათანადო სიმწვავით იდგეს.

საქართველოს მეგობარი ქვეყნების მხრიდან გამოხატული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

„ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში მიღებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის განცხადება, რომელიც ეხება საქართველოში და კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას. იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაცია ბლოკავს ყველანაირ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ მსგავსი სახის ფორმატებს მივმართავთ უკვე რამდენიმე წელია და წელსაც საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის სახელით გაკეთდა განცხადება,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

დღის ამბები