19 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში სირიიდან რეპატრიანტების ჩასვლა - ოპოზიციის წარომადგენლები საფრთხეზე საუბრობენ

ოკუპირებულ აფხაზეთში სირიიდან 800-მდე რეპატრიანტის ჩასვლას და დეფაქტო ხელისუფლების მიერ მათთვის შესაბამისი პირობების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას ოპოზიცია ეხმაურება.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, რუსეთი და საოკუპაციო რეჟიმი საერთაშორისო სამართალს არღვევენ, რომლის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ შეიძლება სხვა ქვეყნის მოქალაქეების დასახლება.

ოპოზიციის წარმომადგენლები კიდევ უფრო მასშტაბურ საფრთხეზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ სირიიდან რეპატრიანტები შეიძლება, არა მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ მებრძოლები, თუნდაც ტერორისტები იყვნენ.

„პირველი პროცესი არ არის, რამდენიმე წლის უკან ორგანიზებულად ხდებოდა ეთნიკურად აფხაზების, რომლებიც სირიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, მათი ჩამოსახლება აფხაზეთში და კუთვნილ ქართველების სახლებში ჩასახლება. დაახლოებით, 50 ოჯახი იყო ჩამოსახლებული, მათ ძალიან გაუჭირდათ ინტეგრაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში 30-მდე ოჯახი უკან დაბრუნდა სირიაში. ეს არის რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულად სირიელების ჩასახლების მცდელობა აფხაზეთის ტეროტორიაზე ქართველთა სახლებში, აქ არ არის უკვე საუბარი აფხაზებზე. საინტერესოა, რისთვის სჭირდებათ ეს. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, როდესაც საუბარია მცდელობაზე, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მფარველობენ გარკვეულ ბოევიკებს. ხომ არ არის ამ ბოევიკების ჩასახლება და ხომ არ მოხდება შემდეგ მათი გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ,“ - განაცხადა საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა უნდა გამოიყენოს, რათა აღნიშნული ინფორმაციის შესახებ პარტნიორი ქვეყნებისთვის ცნობილი გახდეს

„საერთაშორისო სამართლის თანახმად, აკრძალულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასახლება მოსახლეობის, რომელიც იქ არ ცხოვრობდა ოკუპაციამდე. მაგალითად, ბალტიის ქვეყნებმა ამის გამო არ მისცეს მოქალაქეობა ადამიანებს, რომლებიც მათი ოკუპაციის შემდეგ იყვნენ იქ ჩასახლებულები საბჭოთა კავშირის მიერ. ამის ერთადერთი წამალი არის ჩვენი პრობლემის აქტუალიზაცია უმაღლეს დონეზე საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე დასავლეთ-რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში და აქტიურობა, რასაც საქართველოს მთავრობა არ აკეთებს,“ -  განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები