მკვლელი ნარკოტიკი ინტერნეტით ისევ იყიდება. ვირტუალურმა რეალიზატორებმა ინტერნეტ მისამართი შეიცვალეს და Telegram-დან Instagram-ში გადაინაცვლეს. კურიერი ონლაინრეალიზატორს, სახელად თბილისი-420, ნარკოტიკების შეძენის მსურველად გაეცნო.
ნარკოტიკების ინტერნეტით შეძენის სქემა უცვლელია – ე.წ. ბარიგა სასურველი ნივთიერების შესაძენად თანხის ჩარიცხვას ერთ-ერთი ტოტალიზატორის ანგარიშზე ითხოვს. მას შემდეგ კი, რაც თანხა ანგარიშზე აისახება, ნარკორეალიზატორი სასურველ ნივთიერებას 30 წუთის განმავლობაში ქალაქის ნებისმიერ ცენტრალურ ქუჩაზე ტოვებს.
მიმოწერაში დასახელებული ანგარიშის ნომერი კურიერმა სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით გადაამოწმა და მასზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია. ანგარიშის სახელწოდება კი სიმბოლურად – წამალია.
ქვეყანაში რომ მძიმე ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაცია ინტერნეტით უპრობლემოდ ისევ ხდება, ამას ორგანიზაცია თეთრი ხმაურიც ადასტურებს. ორგანიზაციის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას სთხოვენ და ქალაქში ახალი „მკვლელი ნარკოტიკის" შემოტანაზე საუბრობენ.
მათი ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება, რომლიც MDMA-ის სახელით ქალაქში იყიდება, რეალურად სხვა ნივთიერებაა და მისი მოხმარების შედეგად, 3 ახალგაზრდა რამდენიმე დღეა, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
ქვეყანაში ბოლო დროს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების უპრეცედენტო ზრდაზე საუბრობენ ნარკოლოგები. თუმცა, ნარკოდანაშაულის მიმართ მკაცრი კანონმდებლობის გამო, დაზარალებულები კლინიკას ან საერთოდ არ მიმართავენ, ხშირ შემთხვევაში ინტოქსიკაციის მიზეზს არ ამხელენ.
პრობლემაა, სპეციალისტების თქმით, ისიც, რომ პრეპარატები, რომლიც ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირების დროს აუცილებელია, ურეცეპტო მედიკამენტების სიაში აღარ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წელს უწყებამ სულ 116 ნარკორეალიზატორი დააკავა.