19 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
მდიდრდებიან ყოველდღიურად, ხალხის ხარჯზე შოულობენ მილიონებს - ოპოზიცია საქართველოს მთავრობის წევრთა ბიზნეს ინტერესებზე საუბრობს

საქართველოს მთავრობის წევრთა ბიზნეს ინტერესები და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევა - გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეისწავლა საეჭვო კავშირები, საიდანაც დგინდება, რომ ხელისუფლების 18 წევრი ბიზნეს საქმიანობას ეწევა. მინისტრებს და მათ მოადგილეებს ოჯახის წევრებზე გადაფორმებული აქვთ კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო დაკვეთებზე მუშაობენ, ანუ ფულს ბიუჯეტიდან იღებენ, ამ კომპანიების საქმიანობას კი ოჯახის წევრების სამინისტროები აკონტროლებენ. "შაბათის კურიერში" გასულ რეპორტაჟს მწვავე რეაქცია მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები მთავრობაში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ. ოპოზიციაში ამბობენ რომ ხელისუფლება ხალხის ხარჯზე მდიდრდება.

"მდიდრდებიან ყოველდღიურად და მართლაც ხალხის ხარჯზე შოულობენ მილიონებს, როდესაც თითოეული ადამიანი და თითოეული ქართველი მართლაც ულუკმაპუროდ არის დარჩენილი. იმ ფონზე, როდესაც უფასო სასადილოებში მისულ ადამიანებს ლარს და თვრამეტს უხდიან, ყოველდღიურად ჭამაში,  მილიონებს აგროვებენ ჩვენი მინისტრები - ეს არის ორი უკიდურესი საქართველო, სადაც არის უმცირესობაში ივანიშვილი და მის მთავრობა და უმრავლესობაში და სამწუხაროდ სიღატაკეში, დანარჩენი საქართველო,"-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ნადირაშვილი კი ამბობს, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ მოსახლეობა ბიუჯეტიდან მოპარული ფულით მოისყიდა და ახლა გეგმავს ეს თანხები კორუფციული გარიგებებით უკან დააბრუნოს. 

"ეს არის პირდაპირ კორუფცია, როდესაც სამინისტრო განსაზღვრავს პოლიტიკას და მინისტრის, მისი მოადგილის ოჯახის წევრები კურირებენ და არიან დამფუძნებლები იმ კომპანიების, რომლებიც უშუალოდ ამ სფეროში მუშაობენ,"-აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

დღის ამბები