„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, უარი თქვას პრეზიდენტობაზე, უარი თქვას "ოლიგარქის მონობაზე" და მანდატი ოპოზიციურ პარტიებს დაუთმოს.
განცხადება შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ნათელაშვილი ინაუგურაციის თელავში ჩატარების გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ცერემონიის თელავში ჩატარება საკუთარი მოქალაქეებისგან გაქცევის მცდელობაა.
„მე მოვუწოდებ ქალბატონ ზურაბიშვილს ნუ გახდება ოლიგარქის სამუდამო მძევალი. უარი განაცხადოს ინაუგურაციის დაგეგმილ ცერემონიალზე და მოგვცეს საშუალება 2 თვეში ჩავატაროთ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები. პირველი შემთხვევაა მსოფლიოს საპრეზიდენტო ინაუგურაციების ისტორიაში, რომ პრეზიდენტი ე.წ. გარბის დედაქალაქიდან და ჩუმად სხვაგან სდებს ფიცს. არავითარი თვითმმართველობისადმი ყურადღების ნიშანი არ არის, რომ თურმე აი ამ ყალბად გაყვანილი ქალბატონის ინაუგურაცია შედგება თელავში. აქ არის მიზანშეწონილი გამოთქმა: სად ერეკლე, სად სალომე,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.