„ჩვენ გვყავს ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც მე ვფიქრობ, ძალიან კარგად ართმევს თავს იმ პროგრამის შესრულებას, რომელიც გვაქვს წარმოდგენილი და დამტკიცდა საქართველოს პარლამენტში,“- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა შესაძლო სამთავრობო გადაადგილებაზე დასმულ შეკითხვას.
მამუკა ბახტაძე სამთავრობო გუნდში ცვლილებებს არ ადასტურებს და ამბობს, რომ ახალი მთავრობა კარგად მუშაობს. თუმცა პრემიერმა ასევე თქვა, რომ თუ რომელიმე მინისტრი მოთხოვნებს ფეხს არ აუწყობს, ის მუშაობას ვერ გააგრძელებს.
"კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმ მომენტს, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული სწორედ ამ ორწლიანი პროგრამის ეფექტურად შესრულებაზე. ჩვენ გვაქვს 10-წლიანი განვითარების გეგმა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ 2-წლიანი გეგმა, ჩვენ ვსაუბრობდით, თითქმის, 27 მილიონ ლარზე, მათი ინვესტირება და მათი გამოყენება მოსახლეობის სასარგებლოდ, მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სამთავრობო ცვლილებების შესახებ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა. გავრცელებული ცნობით, პრემიერი თანამდებობას დატოვებს და მას შს მინისტრი გიორგი გახარია ჩაანაცვლებს. ასევე არსებული ინფორმაციით, ცვლილებები იგეგმება პარტია "ქართული ოცნებაშიც". გენერალური და აღმასრულებელი მდივნის თანამდებობებს კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე დატოვებენ.