“ქართული ოცნების” ოთხი დეპუტატი პროკურატურას ია კერზაიას საქმის გამოსაძიებლად ერთ თვეს აძლევს. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალებამ საზოგადოებაში შეკითხვები გააჩინა, რომლებზე პასუხის გაცემაც პრინციპულ აუცილებლობას წარმოადგენს.
განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის 4 დეპუტატი Facebook გვერდზე ავრცელებს.
კლუბ "რა, სად, როდის" ვეტერანი მოთამაშეები, გიორგი მოსიძე, გედევან ფოფხაძე, ირინა ფრუიძე და ლევან კობერიძე რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებას ოფიციალურად უახლოეს მომავალში მიმართავენ.
„ვითხოვთ უსწრაფეს ვადაში, ერთი თვის ვადაში შესაბამისი უწყებების მიერ გამოძიების ჩატარებას და თუკი გამოძიება აღმოაჩენს რაიმე ტიპის ხარვეზებს, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების უსწრაფესად დასჯას. ან მეორე მხრივ გამოძიებამ უნდა დადოს სრულფასოვანი პასუხი იმისა, რომ მსგავსი ტიპის ზეწოლას არ ჰქონია ადგილი. მნიშვნელოვანია, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს. პირველი ტურის შემდეგ შემოსული განცხადების საფუძველზე შემოწმების გაგზავნა, გარკვეულწილად, ბადებს იმ კითხვის ნიშანს, რომ დამატებითი მოკვლევა არის საჭირო. ეს არის ჩვენი პოზიცია,“- განაცხადა ლევან კობერიძემ.
ია კერზაია 2 დღის წინ გარდაიცვალა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ოჯახი სკოლის დირექტორის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბობრობს, რასაც კერზაიას გარდაცვალების მიზეზად ასახელებს.