19 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
"უნიჭოდ არის გაფლანგული კბილებით მოპოვებული რეპუტაცია, რომელიც მოქალაქეებმა მოუტანეს ჩვენს სახელმწიფოს" - გრიგოლ ვაშაძე

"ჩვენ ვხედავთ, რომ უნიჭოდ არის გაფლანგული ის მტკივნეულად, კბილებით მოპოვებული რეპუტაცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა მოუტანეს ჩვენს სახელმწიფოს," - ეს განცხადება ოპოზიციური პარტიების გაერთიანება ძალა ერთობაშია-ს ლიდერმა, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა, რომელიც სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს ეხება. 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამკვირიანი შუალედით განცხადებები გაავრცელა და ისინი სომხეთში ჩატარებულ საპარლამენტო და საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხებოდა.

გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ, თუ შევადარებთ საქართველოსა და სომხეთის შესახებ აშშ-ის სახელმწიფოს მიერ გაკეთებულ შეფასებას, ჩანს, რომ საქართველოს მიერ მოპოვებული რეპუტაცია უკვე გაფლანგულია. 

„მას შემდეგ, რაც გავეცანით სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას სომხეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე და ჩვენ შევადარებთ ამ შეფასებას იმ შეფასებას, რაც ეუთომ, ოდირმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა chathamhouse-მა და ა.შ. გააკეთა ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ჩვენ ვხედავთ, რომ უნიჭოდ არის გაფლანგული ის მტკივნეულად, კბილებით მოპოვებული რეპუტაცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა მოუტანეს ჩვენს სახელმწიფოს.

"როდესაც ქართველი დიპლომატები ჩადიან ბრიუსელში, ელაპარაკებიან ნატოს და ევროპის კავშირის წარმომადგენლებს, ელაპარაკებიან დედაქალაქებში და უყვებიან იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი არის უფრო წინ, ვიდრე სხვაგან, გამოდის რომ ჩვენ უტიფრად, დღევანდელი შედეგებიდან გამომდინარე, უტიფრად ვატყუებთ ჩვენს პარტნიორებს. არ შეგვრჩება, სამწუხაროდ,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

სომხეთის შემთხვევაში განცხადებაში წერია, რომ შეერთებული შტატები ეთანხმება ეუთოს წინასწარ დასკვნას, რომ სომხეთში საარჩევნო პროცესი სარგებლობდა ხალხის ფართო ნდობით და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვით. 

საქართველოს შესახებ კი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლი აცხადებდა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია მრავალრიცხოვანი დარღვევებით და ყურადღებით დააკვირდება, როგორ შეასრულებს ქართული მხარე ახალ კონსტიტუციას. 

 

დღის ამბები