პრეზიდენტის ადმინისტრაციის 114 თანამშრომელი, რომელსაც საჯარო მოხელის სტატუსი აქვს, უმუშევარი რჩება.
გიორგი მარგველაშვილის წასვლამდე ხუთ დღით ადრე პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს "საჯარო მოხელის შესახებ" კანონში ცვლილებებს, რაც სალომე ზურაბიშვილს აძლევს უფლებას, გაათავისუფლოს ყველა ახსნა-განმარტების გარეშე.
ცვლილებების თანხმად, ხალხს, ვინც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წლები იმუშავა, არც კომპენსაციას მისცემენ და არც ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას ექნება პერსპექტივა.
ძველი კადრების გაშვების გამარტივებისთვის მმართველმა პარტიამ მარტივი გამოსავალი ნახა. "საჯარო მოხელის შესახებ" კანონის 78-ე მუხლს ერთი წინადადება დაამატა და ამით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი დაავალდებულა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებები გააფორმონ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი, დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე დასასწრებად პარლამენტში საგანგებოდ მივიდა, თუმცა, კომიტეტის სხდომა მოულოდნელად გადაიდო.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით სალომე ზურაბიშვილს პირდაპირ მიეცემა შესაძლებლობა, მისთვის არასასურველი კადრები ადმინისტრაციიდან გაუშვას და სამსახურში მიიღოს კადრები ნაცნობობით და არა მათი პროფესიონალიზმით.
ცვლილებებს კანონში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს უმუშევარს ტოვებს, პარლამენტი ხვალ განიხილავს.
დღესვე გაირკვა ისიც, რომ ათონელის დაუმთავრებელ რეზიდენციაში მოუწევს მუშაობის დაწყება სალომე ზურაბიშვილს. სახელწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უფროსი, ანზორ ჩუბინიძე, ამბობს, რომ ათონელზე ტექნიკური დეტალები ვერ ესწრება.
ასევე ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციის შემდეგ მის წინამორბედზე ნაკლები სახელმწიფო დაცვა ეყოლება. ნაკლები რაოდენობასთან ერთად, შემცირდება დაცვის ხარისხიც. თუმცა, როგორ და რამდენით, ეს დღეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურის უფროსმა არ დააკონკრეტა.