ბრიტანეთის მმართველი პარტია ტერეზა მეისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. კონსერვატორებმა პროცედურის დასაწყებად საჭირო რაოდენობის ხელმოწერები შეაგროვეს.
კენჭისყრა დღეს საღამოს გაიმართება და შედეგები ერთ საათში გახდება ცნობილი. პრემიერ-მინისტრმა უკვე მიიღო ოპონენტების გამოწვევა და რეზიდენციის წინ საგანგებო განცხადებაც გააკეთა.
ტერეზა მეის თქმით, ლიდერის შეცვლა საფრთხის წინაშე აყენებს ბრიტანეთის მომავალს და ბრექსიტის მოლაპარაკებებსაც.
პოლიტიკური კრიზისი გაერთიანებულ სამეფოში სწორედ ბრექსიტის გარიგებაზე უთანხმოებას მოჰყვა. ევროკავშირთან შეთანხმებულ დოკუმენტს მხარს არც ოპოზიცია და არც კონსერვატორების ნაწილი უჭერს.
ექსპერტების შეფასებით, მსოფლიოს მეხუთე ეკონომიკა შესაძლოა ორი არჩევანის წინაშე დადგეს - გავიდეს ევროკავშირიდან გარიგების დადების გარეშე ან ბრექსიტზე მეორე რეფერენდუმი ჩაატაროს.