პრეზიდენტის ადმინისტრაციის 114 თანამშრომელი შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩეს. მათ ნაწილი ქვეყნის ადმინისტრაციაში ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროიდან მუშაობს. მათ თვალწინ საქართველოს თანამედროვე ისტორია იწერებოდა. ბოლო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც „ქართლმა ოცნებამ“ ინაუგურაციამდე ხუთი დღით ადრე მოამზადა, სალომე ზურაბიშვილს უფლებას აძლევს ადმინისტრაციის თანამშრომლები ისე გაათავისუფლოს, რომ მიზეზები არც კი აუხსნას.
მოქმედი პრეზიდენტისთვის „ოცნების“ ბოლო საჩუქარი სრული მოულოდნელობა იყო. მარგველაშვილი და მისი მრჩევლებიც ინაუგურაციის შემდეგ სახლში მიდიან, ამას კანონი აქამდეც არეგულირებდა, თუმცა ყველა თანამშრომლის გათავისუფლება პრეზიდენტის ჯერ კიდევ მოქმედ სასახლეში ლაჩრობად შეაფასეს.
გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა დაანონსებული ცვლილების შესახებ არასამთავრობო სექტორს უამბო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ შეხვედრაზე უცხოელი დიპლომატებიც. შეხვედრის თემა დაგეგმილ ცვლილებები იყო.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით ცვლის, ევროკავშირის მოთხოვნებით და მისი დაფინანსებით შემუშავდა და ამაში ევროკავშირმა მილიონები დახარჯა. კანონი დაწერეს იმისთვის, რომ საჯარო მოხელე დაეცვათ და პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, საჯარო სექტორში დასაქმებულებს სტაბილურობის განცდა ჰქონოდათ.
ის, ვისი გულისთვისაც კანონი იცვლება და პრეზიდენტის ადმინისტრაციის 114 თანამშრომელი უმუშევარი რჩება, პასუხისმგებლობას იხსნის.