17 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
"უბინძურესი კამპანია აწარმოეს ჩემს წინააღმდეგ, ისე რომ არც იციან რაზე ლაპარაკობენ" - პრეზიდენტი შეწყალებასთან დაკავშირებით კრიტიკას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი მის მიმართ შეწყალების პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება. როგორც სტუდენტებთან შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხდა, მან მემკვიდრეობით გადმოიბარა უსამართლო პენიტენციალური სისტემა და ცდილობდა ამ მიმართულებით ებრძოლა.

პრეზიდენტის თქმით, მას არც დღეს არ მიაჩნია რომ ნარკოტიკების გამო ვინმე ციხეში უნდა იჯდეს. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ შეცდომები იყო დაშვებული შეწყალების პროცესში, თუმცა კრიტიკა რომელიც მის წინააღმდეგ მოდიოდა უმეტესწილად იყო უსაფუძვლო და არაკომპეტენტური.

„დღეს რა თქმა უნდა იმ ადამიანებს ვინც არც ოპოზიციაში არ ყოფილა და არც არც ერთი ტრიბუნიდან არ აფიქსირებდა იმას, რომ რატომ ახორციელებდა ნაციონალური მოძრაობა ასეთ მკაცრ პოლიტიკას, ვისაც ეს რაღაც ფრაზები არ აქვს  ნათქვამი ეთერში, რომ ყველა ციხეში რატომ უნდა წავიდეს და მიუღებელია ჩვენთვის ნულოვანი ტოლერანტობა და ორი ქათმის ქურდობის გულისთვის 20 წელიწადს რატომ აძლევთ და სამასი ათასი პრობაციონერი რატომ უნდა იყოს, ამ ხალხს ტელევიზორშიც არ აქვს გაგონილი. ჩვენი პოლიტიკური ელიტის მმართველი პარტიის ელიტის ძირითადი ბირთვი, არამც  თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობდა, პოლიტიკურ  ცხოვრებას არც აკვირდებოდა რასაც ვუყურებ მათ გამონათქვამებს. ანუ არც იციან რაზე ვსაუბრობდით, რას ვერჩოდით ამ მიშას და რას ვერჩოდით ადეიშვილს და მერაბიშვილს. არც იციან. ამას იგებენ  როგორც მე შუშანიკის წამებას, რომ ვკითხულობ და დაახლოებით ვხვდები  იქ რა მოხდა. იქ არ არიან არც ნამყოფი, არც უნახავთ. ახლა ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ეს გახადონ ჩემთან ბრძოლის მთავარი თემა. და აღტკინებულები ბოროტის დაძლევის სულისკვეთებით მთელი რიგი  უბინძურესი კამპანია აწარმოეს ჩემს წინააღმდეგ,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

მისივე თქმით თავად პარლამენტის თავმჯდომარემ სამი მიმართულებით დასდო ბრალი. მათშორის საუბარი იყო კორუფციაზეც.

„ან კორუმპირებულია და იმიტომ აკეთებს ამასო. ან სახელმწიფოს მიზანმიმართულად ასუსტებსო, და ან კიდევ რაღაც, აღარ მახსოვს. სამივე იყო სისხლის სამართლის საქმე. მოვითხოვე რომ ბატონი  პარლამენტის თავმჯდომარე წასულიყო პროკურატურაში და აღეძრათ საქმე პრეზიდენტის წინააღმდეგ შეწყალებების მიმართულებით ჩადენილი სახელმწიფო დანაშაულებების მიმართულებით. ბუნებრივია ეს ვერ გააკეთეს,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები