16 მარტი 2025,   15:23
ვრცლად
10-მდე ტყვია, ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი თბილისის ცენტრში - რა ჩანს სათვალთვალო კამერებში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      10-მდე ტყვია, ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი - ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე პირველი გასროლის ხმა დაახლოებით 23:00 საათზე გაისმა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ ელოდა მკვლელი სახლის სადარბაზოდან გამოსულ სამიზნეს. სავარაუდო ქილერი ჭავჭავაძის გამზირზე მამაკაცს ზურგიდან აედევნა და რამდენიმე წამში ცეცხლიც გაუხსნა. მკვლელმა დაახლოებით ათჯერ გაისროლა, რის შემდეგაც სამიზნე გზის სავალ ნაწილთან ეცემა. დამნაშავე ჭავჭავაძის გამზირიდან ნაფარეული ქუჩის გავლით, სავარაუდოდ, ფალიაშვილის მიმართულებით გარბის. მისი კვალიც სწორედ ამ ქუჩაზე იკარგება.

      მალევე გაირკვა, რომ მოკლული მამაკაცი ლევან ჯანგველაძეა - ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა. ის თბილისში ახლობლის პანაშვიდზე იყო ჩამოსული. ადგილობრივები და მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულები ყვებიან, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა თავდამსხმელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

      თავდასხმის დროს დაიჭრა ლევან ჯანგველაძის თანმხლები პირიც. ის სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს, თუმცა უცნობია, დაკითხეს თუ არა უკვე მამაკაცი, რომელიც მკვლელობის მოტივზე, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს.

      მოკლულის ძმას, მერაბ ჯანგველაძეს კრიმინალურ წრეებში "სოხუმსკის" მეტსახელით იცნობენ. ე.წ. ქურდულ სამყაროში მის სახელს არაერთი კონფლიქტი და ხმაურიანი გარჩევა უკავშირდება. ძმები ჯანგველაძეები, უკვე დიდი ხანია, საქართველოში არ ცხოვრობენ.

      ვაკეში, მკვლელობის ადგილზე, საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა თავდასხმის მოტივი. "კურიერის" ინფორმაციით, მომხდარი შესაძლოა ე.წ. კანონიერი ქურდების ორ კლანს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს. ამ კონფლიქტის ერთ მხარეს მერაბ ჯანგველაძის, მეორე მხარეს კი ზახარია კალაშოვის, იგივე შაქრო "მალადოის" დაჯგუფება დგას. მათ შორის კონფლიქტი განსაკუთრებით გამწვავდა 2021 წელს, როდესაც სოფელ ახალდაბაში მოკლეს მერაბ ჯანგველაძისა და ასევე ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა კვიჟინაძის მეგობარი ვალერი ნაცვლიშვილი. ჯანგველაძე-კვიჟინაძის მხარე მომხდარში კალაშოვის კლანის წარმომადგენელს, ე.წ. კანონიერ ქურდს, ჯეირან კინწურაშვილს ადანაშაულებდა. ის, რომ ამ ორ დაჯგუფებას შორის კონფლიქტი დიდი ხანია მწიფდებოდა, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთი თვის წინ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერებიდანაც ჩანს.

      ჩანაწერი ერთ-ერთია იმ მრავალ მტკიცებულებას შორის, რომელიც პროკურატურამ თებერვალში, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარადგინა. საქმის მასალებში ნახსენებია არაერთი კრიმინალური ავტორიტეტი. პოლიციამ ამ საქმეზე ქვეყნის მასშტაბით, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, 26 პირი დააკავა, ოთხს კი, მათ შორის ჯეირან კინწურაშვილს, ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.