
This is a modal window.
დაპირისპირება პროფკავშირებსა და "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" შორის. პროფესიული კავშირების გაერთიანება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს და მოუწოდებს "სიემსის" სარჩელი არ მიიღოს წარმოებაში.
პროფკავშირები "სიემსის" კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და კონკრეტულ პუნქტებზე ამახვილებს ყურადღებას.
"სიემსიმ, კომპანია, რომელიც ოპერირებს ჭიათურაში, ნაცვლად იმისა, რომ სოციალური პარტნიორობის კონტექსტში, კოლექტიური ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რაც ეკუთვნოდათ დასაქმებულებს და ვალდებულებები ჰქონდა აღებული პროფკავშირების წინაშე, ვფიქრობ და გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ამისგან თავის დაძვრენა უნდათ იმ ფორმით, რომ გადახდისუუნაროები არიან, რომ არ აქვთ შემოსავლები. მესმის, რომ მათ რეალურად არ აქვთ შემოსავლები. მაგრამ, მიზეზებთან დაკავშირებით, რატომ არ არის ეს შემოსავლები, კითხვის ნიშნები საკმაოდ ბევრია,“ - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიში" ამბობენ, რომ პროფკავშირების ბრალდება საფუძველს მოკლებული და აბსურდულია. მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ, საბოლოო ლიკვიდაციის გამოცხადების მიზნით სასამართლოს კომპანიამ 2 დღის წინ მიმართა. საუბარია გადახდის უუნარობის საქმის წარმოებაზე.
"ჩვენ ვართ საწარმო, რომელიც არის მოგებაზე ორიენტირებული და ბუნებრივია, ვერ ვიქნებით ვერც პროფკავშირების და ვერც ვინმე სხვა პირის მითითებების შემსრულებელი. საწარმოს აქვს უკვე საკმაოდ დიდი დავალიანება, რაც ბუნებრივია, განპირობებულია მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიზეზით, ეს იყო დიდი საპროტესტო აქციები, რომელიც ჭიათურაში საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა. კომპანიას ფაქტობრივად შეჩერებული ჰქონდა მუშაობა, რის გამოც დავალიანებები გაიზარდა და დღეს უკვე შეუძლებელია მისი დაფარვა. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ კომპანიის ვალდებულებები, უკვე დაახლოებით 42 მილიონ ლარს აღემატება და შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კომპანია არის უკვე ვალაუვალი, მას აღარ აქვს რესურსი, რომ ვალდებულებები შეასრულოს, აღარ აქვს არანაირი საშუალება, რომ კომპანიამ ფუნქციონირება გააგრძელოს და ბუნებრივია, ერთადერთი გამოსავალი ჩვენთვის იყო გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით მიმართვა სასამართლოსთვის. დამფუძნებლებიდან ვერავინ ვერ მოიტანს საკუთარი ჯიბიდან რაიმე თანხას, რომ საწარმომ ფუნქციონირება განახორციელოს და გააგრძელოს. ვინაიდან, დავალიანება უკვე ძალიან დიდია დღეის მდგომარეობით და ამ შემთხვევაში ბატონი პეტრიაშვილი ერთადერთ როლს ასრულებს, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და ამ ვნებათა ღელვით დაზიანდეს პროცესები,“ - აცხადებს "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" იურისტი, სანდრო სუბელიანი.