საპარლამენტო უმრავლესობის წევრები რუსეთის მიერ ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო შეხვედრის დატოვებას ეხმაურებიან.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ამბობს, რომ ქართულმა დელეგაციამ შეხვედრაზე ყველა მწვავე და აქტუალური საკითხი დააყენა, თუმცა რუსეთის დელეგაციის ქმედება არალოგიკური და დესტრუქციული იყო.
„ვერ შედგა ვერანაირი მოლაპარაკება, რადგან რუსეთისგან კიდევ ერთხელ დავინახეთ დესტრუქციული ქმედება. ეს არის სამწუხარო რეალობა. არაერთი განცხადება მოვისმინეთ მათი მხრიდან, ბრალდებები საქართველოს მიმართ მტრულ რიტორიკაზე და დესტრუქციულ ქმედებაზე, რაც ყოვლად არალოგიკურია, რადგან ყველა ჩვენი ქმედება მომართულია იმისკენ, რომ მშვიდობიანად მოგვარდეს კონფლიქტი,“- ამბობს სოფიო ქაცარავა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი კი აცხადებს, რომ რუსეთი ისევე იქცევა, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების წინა 45 შეხვედრაზე.
ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოს მიერ დაყენებულ უმწვავეს საკითხებს თავს არიდებს და ამის დასტურია რუსული დელეგაციის მიერ ჟენევის გუშინდელი შეხვედრის დატოვება.