„ბატონი მარგველაშვილისგან ერთ ქვაბში მოხარშვა და თქმა, რომ ზოგადად, პოლიტიკური კლასი, მთელი პოლიტიკური ცხოვრება არის ერთნაირი პრობლემა, ეს არის სწორედ ის თამაში, რაც ივანიშვილს სურს,“ - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია პრეზიდენტის დღეს გაკეთებულ განცხადებას.
გიგა ბოკერიამ გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური გარემოს ერთგვაროვნად შეფასების გამო გააკრიტიკა. ბოკერიას თქმით, მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ თავად პრეზიდენტის ინსტიტუტსაც ებრძოდა, მარგველაშვილი გაცილებით აქტიურად უნდა ჩართულიყო მათ წინააღმდეგ ბრძოლაში.
„რეალური პრობლემა არის ის მეთოდები, რა მეთოდებითაც ივანიშვილი და მისი გუნდი ებრძვიან პოლიტიკურ ოპონენტებს, საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის, პრეზიდენტის ინსტიტუტს და ამაზე პასუხად, ბატონი მარგველაშვილისგან ერთ ქვაბში მოხარშვა და თქმა, რომ ზოგადად, პოლიტიკური კლასი, მთელი პოლიტიკური ცხოვრება არის ერთნაირი პრობლემა, ეს არის სწორედ ის თამაში, რაც ივანიშვილს სურს. იმის ნაცვლად, რომ თვითონ ჩართულიყო უფრო აქტიურად ამ მეთოდების წინააღმდეგ ბრძოლაში, თუ ამის სურვილი ჰქონდა, ის თითს იშვერს ყველა სხვისკენ ერთად და ერთგვაროვნად აფასებს ყველას და ისევ 9 წლის ნარატივში არის თვითონაც, ეს არის პრობლემა. ჩვენი მთავარი პრობლემა არ არის უკვე საკუთარი პოლიტიკური კარიერის ბოლოს მყოფი პრეზიდენტი მარგველაშვილი, ჩვენი პრობლემა არის ივანიშვილი,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.