გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი სალომე ზურაბიშვილისთვის რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
მეორე ინსტანციამ ცოტა ხნის წინ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტის დადგენას ითხოვდა, რასაც მისი საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა უნდა მოჰყოლოდა.
ოპოზიციამ პირველი ინსტანციის სასამართლოზე რამდენიმე საათის ვიდეომასალა წარადგინა, სადაც ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებია ასახული.
ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უნდა გამხდარიყო იმის საფუძველი, რომ სალომე ზურაბიშვილი რეგისტრაციიდან მოეხსნათ.
თუმცა, მოპასუხე მხარე ამბობს, რომ ოპოზიციამ სააპელაციო სასამართლოში დამატებითი მტკიცებულებები ვერ წარადგინა და მანამდე არსებული მტკიცებულება ვერ გახდებოდა პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოსხნის საფუძველი.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი, თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ სასამართლო ივანიშვილს ემორჩილება და მისი ინტერესის წინააღმდეგ არ მოქმედებს.