პარლამენტში ახალი რეგლამენტის ამოქმედებას, რომელიც დეპუტატების მისამართით ხისტი სანქციების შემოღებას გულისხმობს, კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. საპარლამენტო უმრავლესობის ოპონენტები ამბობენ, რომ თავად „ქართული ოცნების“ წევრები არ დადიან პარლამენტში, რის გამოც, მაგალითად, გუშინ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ კვორუმი ხშირ შემთხვევაში სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის არმისვლით ვარდება.
„დაიწყება თუ არა დროზე და გამოცხადდებიან თუ არა უმრავლესობის დეპუტატები, არავინ იცის და სწორედ ამ მიზეზით ჩავარდა გუშინ კენჭისყრა და კიდევ 2 საათიანი მოცდენა დაემატება ამ უსაქმურობას და გამოდის, რომ ამ ორ წელიწადში ჩემი ცხოვრების 8 დღე ვიჯექი მათ მოლოდინში,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე მმართველი გუნდის განცხადებებს სამარცხვინოს უწოდებს, როდესაც ისინი ოპოზიციის წარმომადგენლების პარლამენტში სიარულზე ამახვილებენ ყურადღებას.
„ძალიან უხერხულია, იმიტომ, რომ ამდენი დეპუტატი როცა ჰყავთ და პასუხისმგებლობა მათზე არის და არ ცხადდებიან და აქეთ იშვერენ ხელს, ჩვენ გვინდა გამოვცხადდებით პარლამენტში და გვინდა ბრიფინგების მეშვეობით დავუწყებთ ოპონირებას, გვინდა Facebook live-ებით ვესაუბრებით მათ, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი, მაგრამ პასუხისმგებლობა პარლამენტის მართვაზე და კანონშემოქმედებით საქმიანობაზე აქვთ მათ,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის პარალელურად რამდენიმე დღეში ამოქმედდება ახალი რეგლამენტი, რომელიც დეპუტატების მისამართით ხისტი სანქციების შემოღებას გულისხმობს.
იმ შემთხვევაში თუ კანონმდებელს სხდომების ნახევარზე მეტი ექნება გაცდენილი, მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება. ასევე დასჯადი ხდება დეპუტატების მხრიდან ერთმანეთის მიმართ გამოთქმული არაეთიკური და შეურაცხმყოფელი რეპლიკები.