სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ აქციას რუსთაველზე შვილმოკლული მშობლები უერთდებიან. მათი თქმით, ისინი დღემდე იმიტომ ითხოვენ სამართალს, რომ ხელისუფლებაში მყოფ მაღალჩინოსნებს მათი შვილების მკვლელების დასჯის ნება არ აქვთ და დანაშაულს ხელს აფარებენ.
ამ ყველაფერს, მათი განცხადებით, ისიც ემატება, რომ არჩევნები ქვეყანაში უსამართლოდ ტარდება. შვილმოკლული მშობლები სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას უსამართლოს უწოდებენ - ჩატარებულ არჩევნებს კი მოპარულს.
„ჩვენი მოთხოვნა ისევ ძალაში რჩება, რასაც პირველი დღიდან ვითხოვთ, ისევ იმას ვითხოვთ, დაისაჯონ ის ადამიანები ვინც ჩაიდინა დანაშაული. ამ ხელისუფლებისგან არ მაქვს იმედი, რომ ეს საქმე ან რომელიმე საქმე გაიხსნება. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია იყო, მაგრამ ვისი არჩეულია?
ეს იყო დაშინებით, მოსყიდვით, კრიმინალური გზით მოპოვებული არჩევნების, ეს იყო ბინძური თამაში. რა არჩევნები იყო, სად იყო არჩევნები, ვისი არჩეულია ეს, დღეს ფიცს რომ დებს,“- ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ხმები იყიდა, მან დააყაჩაღა საკუთარი მოქალაქეები და ხმები მოპარეს.
რუსთაველზე იკრიბებიან ის მოქალაქეებიც, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მხარს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული განცხადებების გამო კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
ამ დროისთვის უცნობია, როგორ გაგრძელდება გაერთიანებული ოპოზიციის პროტესტი. განცხადება გეგმებთან დაკავშირებით რამდენიმე საათში უნდა გაკეთდეს.