სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი ინაუგურაციის შემდეგ არ გააკეთა. ცერემონიაზე მის მიერ გაჟღერებულ გზავნილებზე ინაუგურაციის სტუმრებმა ისაუბრეს.
სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლით კმაყოფილია და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ზუსტი გზავნილები გააკეთა.
„საჭირო არის, რომ რუსეთი მიხვდეს, რა არის კანონიერება და ჩვენ მიმართ სხვანაირად მოიქცეს,“ - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.
ინაუგურაციის შემდეგ განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა. მისი თქმით, ინაუგურაციის ლოკაცია საკმაოდ სიმბოლური იყო, რადგან სწორედ თელავში არ მიიღო სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა მაღალი მხარდაჭერა.
„ეს იყო ძალიან ძლიერი სიმბოლო ამ ქვეყნის გამთლიანებაზე და მე ვარ დარწმუნებული, რომ რაც წლები გავა, იქნება კიდევ უფრო ძლიერი პრეზიდენტი და იქნება არა მარტო ოჯახის სიამაყე, არა მარტო მხარდამჭერის სიამაყე, არამედ მთელი საქართველოს და მთელი საქართველოს ისტორიის სიამაყე,“ - განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.
პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლაზე ისაუბრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ.
„ამ კონსტიტუციით უკვე ძალაში შევიდა შესაბამისად, ის ახალი რეგულაციები, რომელიც გათვალისწინებული იყო მასში და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო შეეცდება ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვას, რა თქმა უნდა, უკვე ახალი კონსტიტუციის ფარგლებში,“ - განაცხადა თავაძემ.