19 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
დაპირისპირებები და ჩხუბი თელავისკენ მიმავალ გზაზე - ოპოზიციას ხელოვნური ბარიკადები დაახვედრეს  

დაპირისპირებები და ხელჩართული ჩხუბი თელავისკენ მიმავალ გზაზე - დედაქალაქიდან  დაძრულ საპროტესტო კოლონას პირველი ინციდენტი გურჯაანში შეემთხვა. ქალაქის ცენტრში ხელისუფლების მხარდამჭერი რამდენიმე ადამიანი გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა.  

გურჯაანში საპროტესტო კოლონის წევრებს გზა საპატრულო პოლიციელების ავტომობილებით გადაუკეტეს. სამართალდამცავთა და მომიტინგეთა მრავალსაათიანი დაპირისპირებაც სწორედ ამ დროიდან დაიწყო. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეიმურაზ კუპატაძე ამტკიცებდა, რომ ოპოზიციას თელავისკენ მიმავალი გზა შეზღუდული არ ჰქონდა და კოლონას ალტერნატიული მარშრუტით მოძრაობა შეეძლო.

თეიმურაზ კუპატაძე იმასაც ამტკიცებდა, რომ ალტერნატიული მარშრუტის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება დილიდანვე ჰქონდა გავრცელებული, თუმცა სამინისტროს ვებგვერდზე ატვირთულ განცხადებაში შემოვლით გზაზე არაფერია ნათქვამი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც დაპირისპირება პოლიციასა და სამართალდამცავებს შორის უკვე დაწყებული იყო. ამ განცხადებაში ეწერა, რომ არსებობდა ალტერნატიული გზა და სატრანსპორტო საშუალებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებას მიზანმიმართულ სიცრუეს უწოდებდნენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები.

დაპირისპირებისას შეუძლოდ გახდა ერთი ქალბატონი. დაპირისპირების ეპიცენტრიდან მის გამოყვანას, დაახლოებით, 40 წუთი დასჭირდა, რადგან პოლიციის მიერ აღმართული კორდონის გამო სასწრაფო დახმარების ავტომობილის გადაადგილება შეფერხებული იყო.

ამ ადგილიდან ოდნავ მოშორებით სისხლიანი დაპირისპირების კიდევ ერთი ეპიცენტრი იყო. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა მომწამლავი აირი გამოიყენეს.

ინაუგურაციის დასრულების შემდეგ პროტესტანტებმა თელავში ჩასვლაზე უარი თქვეს და პროტესტის გასამართად ახალი ლოკაცია აირჩიეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები