ბიუროს სხდომაზე დაპირისპირება იყო „ქართული ოცნების“ წევრებსა და ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს შორის. კამათი გუშინ გურჯაანში განვითარებულ მოვლენებზე საუბარს მოჰყვა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ გუშინ მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როდესაც ველისციხეში დეპუტატების ავტომობილი დაზიანდა. სოფო ქაცარავამ აღნიშნულ ფაქტს მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდა.
„გუშინ მოხდა ძალიან ცუდი ინციდენტი და, შესაბამისად, უნდა აღვნიშნო იმიტომ, რომ პირადად მე და ჩემს კოლეგებს შეეხო. უბრალოდ გაგვიმართლა, რომ იმ მანქანაში აღმოჩნდა 4 ქალი, იმიტომ, რომ იქ იყო წინასწარ გამიზნული პროვოკაცია დაგეგმილი, უბრალოდ ქალები არ სცემეს. თორემ აუცილებლად, სხვა რომ მჯდარიყო იმ მანქანაში, მოხდებოდა უბედურება და ძალიან ცუდი იქნებოდა იმიტომ, რომ ეს იყო გამიზნული პროვოკაცია,“ - ამბობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა.
რომან გოცირიძემ სოფო ქაცარავა ტყუილში დაადანაშაულა და უმრავლესობის წევრს დემაგოგი და უნამუსო უწოდა.
„განცხადება იმის თაობაზე, რომ, თურმე, იმ მიტინგში, სადღაც ათას კაცში სადღაც რომ ვიყავი, თანაც 500 მეტრით იქით, რომ თურმე მე დავაორგანიზე ეს მიტინგი და, თურმე, მე სპეციალურად მოვუწყვე ქალბატონებს ამ მანქანებზე თავდასხმა, არის უნამუსობა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.