"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსულ საქართველოში" - ამ განცხადებით საქართველოს მესამე პრეზიდენტი გუშინ,გურჯაანში განვითარებულ მოვლენებს და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის დაკავებას ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„დაწყებული არჩევნების მეორე ტურიდან, გუშინდელი მოვლენებით გაგრძელებული და დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის დაკავებით, მინდა გითხრათ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსულ საქართველოში. საქართველოში მყარდება სუფთა რუსული ტიპის რეჟიმი ივანიშვილის მიერ და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის აგენტის, გახარიას მიერ,"- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, პოლიტიკამ მთლიანად ქუჩაში გადაინაცვლა. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველო ახლა დიდ საფრთხეშია.
"ეს არის რუსული რეჟიმი, ოღონდ რუსული პენსიების გარეშე, რუსული შემოსავლების გარეშე, უბრალოდ რუსული რეპრესიები, უბრალოდ რუსული ტიპის პოლიტიკური სისტემით, უფრო სწორად, პოლიტიკის საერთოდ გაქრობით. მე მესმის მეგობრებო, რომ ყველას აქვს თავის საქმე, ყველა ფიქრობს გადარჩენაზე. ქვეყანა იცლება ხალხისგან, ყველას უნდა ლუკმა-პურის მოპოვება. მე მესმის, უმეტესობას ვერ მოსთხოვ ქუჩაში დგომას, მით უმეტეს, რომ თქვენ უკვე მიეცით ხმები არჩევნებზე და არჩევნები მოიპარა ივანიშვილმა. მაგრამ, იცოდეთ, რომ კირკიტაძის განეიტრალებით, მელიას განეიტრალებით, აქტიური ხალხის განეიტრალებით რეგიონებში, ივანიშვილი გართმევთ ბოლო იმედს, რომ ოდესმე ამოძვრეთ ამ ნეხვიდან, სადაც ის ძირავს საქართველოს, როდესმე ამოძვრეთ გაჭირვებიდან, როდესმე ისევ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ.
"გაიგეთ, რომ თუ ჩვენ ახლა ამ ადამიანებს არ დავუდგებით გვერდზე, ხვალ თქვენც აღარავინ აღარ დაგიცავთ და ეს ხარბი, მანიაკი, ახალგამოჩეკილი დიქტატორი ოლიგარქიული ბოლომდე გაგძარცვავთ, უკანასკნელ კაპიკებს ამოგაძრობთ ჯიბეებიდან და არ დაგაყენებთ საკუთარ ქვეყანაში. მეგობრებო, საქართველოში დამყარდა ოლიგარქიული დიქტატურა. დარჩა მხოლოდ ცალკეული წინააღმდეგობის ცენტრები, მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება. ჩვენი ბრძოლა იქნება ძალიან პრინციპული და შეუპოვარი. ჩვენ არასდროს არ დავნებდებით იმას და არ მივიღებთ იმას, რომ საქართველო გააბანძონ და გადააქციონ რუსეთის დანამატად. ყველაფერი გამოგვივა, როცა ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელს და ყველა თავის მონაკვეთზე, რაც შეუძლია გაწევს შესაბამის წინააღმდეგობას. სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკა აღარ დარჩა დარბაზებში, პოლიტიკამ გადაინაცვლა მთლიანად ქუჩაში," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი გირაოთი გათავისუფლებული მარნეულის ყოფილი მერის, თეიმურაზ აბაზოვის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრასაც ეხმაურება.
"ივანიშვილმა დღეს მიიღო მარნეულის მერი, რომელმაც მოისაქმა საკუთარი მოქალაქის სახეზე, თუ გახსოვთ და ციხეში ჰყავდათ არჩევნებამდე მოჩვენებით, გამოიყვანეს არჩევნების შემდეგ და პირდაპირ ივანიშვილმა ჩაიხუტა, თავზე ხელი გადაუსვა, რა მაგარი კაცი ხარო. ისინი ახალისებენ პირდაპირ ესეთ ძალადობას, ისინი ახალისებენ პირდაპირ ცხვირ-პირის მტვრევას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, ვინც გაბედა და ხმა ამოიღო. ამაზე პასუხი საზოგადოების შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს. სრული შეუგუებლობა ივანიშვილის მიმართ. მე კიდევ ერთხელ მინდა გავუმეორო პოლიციის მუშაკებს. როდესაც მე ვსაუბრობდი, რომ უკანონო ბრძანებები არ უნდა შეასრულოთ, დღეს რაც თქვენ გააკეთეთ კირკიტაძის მიმართ, ეს იყო უკანონო ბრძანება. რაც გუშინ გაგაკეთებინეს ათასობით თქვენი თანამემამულის მიმართ, ეს იყო უკანონო ბრძანება, რასაც ივანიშვილი გამცირებთ და გაკეთებინებთ, ეს არის თქვენი ხალხის, თქვენი ერის წინაშე, თქვენი ისტორიის წინააღმდეგ წასვლა და თქვენი მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და მტრის დავალების შესრულება. საქართველო დიდ საფრთხეშია, ახლა ყველამ ჩვენთვის უნდა მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილება. ეს ეხება პოლიციელებს, ეს ეხება სახელმწიფო სამსახურის მუშაკებს, მაგრამ ეს ეხება ყველა ქართველს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.