34 წლის პატიმრის გარდაცვალების საქმეში უკვე ჩაერთო სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის მსგავსი ინფორმაცია მიწოდებული არ ყოფილა.
ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები უკვე იყვნენ მისულები თბილისის ნომერ მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იქ, სადაც გარდაცვლილი პატიმარი სასჯელს იხდიდა და საქმის მასალებს სწავლობენ.
„ეს პატიმარი არ აღმოჩნდა ჩვენი განმცხადებელი, მას მომართული არ ჰქონია ჩვენთვის. არც ციხიდან არ ყოფილა შესაბამისი მომართვა. დღეს, როდესაც ეს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ჩვენი წარმომადგენლები წავიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ეცნობიან მასალებს და შესაბამისად, სწავლობენ და გარკვეულ მონაცემებს აგროვებენ.
"როდესაც პატიმარი შიმშილობს, ფორმალურად ხდება მისი აღრიცხვა და შიმშილობის ფაქტის შესახებ ჩვენს გვეცნობება. ასეთი ცნობა ჩვენთან არ მოსულა. შესაბამისად, ის დოკუმენტაცია, რომელსაც ჩვენი წარმომადგენლები გაეცნენ, მითითებული არ არის მასში, რომ ეს პატიმარი შიმშილობდა. უბრალოდ, მითითებული იყო, რომ გარკვეულ საკვებს ის არ იღებდა. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი აღნიშვნა არის გაკეთებული, მარგამ პროტესტის ფორმასთან დაკავშირებით მითითება არ ყოფილა. ამ საკითხს ჩვენები სწავლობენ, უფრო მეტ ინფორმაციას შეაგროვებენ, გამოკითხავენ სხვადასხვა პირებს და სრულ სურათს როდესაც შევქმნით, შემდგომ გვექნება შეფასების გაკეთების შესაძლებლობა,“ - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
სასჯელაღსრულების სამსახურში ამტკიცებენ, რომ გიორგი ფასეიშვილი მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო, თუმცა, განმარტავენ, რომ პატიმარი, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა, უარს ამბობდა საკვების მიღებასა და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე.
გიორგი ფასეიშვილი გუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა. ის გათავისუფლებას ითხოვდა, რადგან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა.
გიორგი ფასეიშვილმა საქმის გადახედვის მოთხოვნით, დაახლოებით, თვენახევრის წინ დაიწყო შიმშილობა, ის უარს აცხადებდა, როგორც საკვების, ასევე მედიკამენტების მიღებაზე.
პატიმარი გლდანის საპატიმროში იყო მოთავსებული, თუმცა, საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია. 40 დღის განმავლობაში ის საკვების მიღებასა და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე პროტესტის ნიშნად უარს აცხადებდა.
გიორგი ფასეიშვილი სამართალდამცველებმა ერთი წლის წინ მეზობლის დაჭრის ფაქტზე დააკავეს.