მწვავე პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა თბილისის საკრებულოს სხდომა - ნაციონალური მოძრაობის შემდეგ მმართველ გუნდთან დიალოგის რესურსი ვეღარც ევროპული საქართველოს დეპუტატებმა ვეღარ დაინახეს.
ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ევროპული საქართველოს ბოიკოტის მიზეზი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა. მათ შორის, ოპოზიციის წევრის, დავით კირკიტაძის, დაკავებას.
სხდომის დაწყების წინ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ევროპული საქართველო - თბილისის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბიუჯეტი, რომელიც საკრებულოშია შეტანილი, ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც მოსახლეობას აქვს.
„ხელისუფლება ვერ ხედავს პრობლემებს, მას ჰგონია, რომ პრობლემა აქვს მცირე ოპოზიციურ ჯგუფთან. ჯერ მცირე როგორ არის, როდესაც ქვეყანა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არის გაყოფილი შუაზე. ქვეყნის ნახევარი არის თქვენი ოპონენტი. იმის მაგივრად, რომ ხდებოდეს ამის ანალიზი, ხდებოდეს ნაბიჯების გადადგმა იქითკენ, რასაც ხალხი ითხოვს იმიტომ, რომ თქვენი პრობლემა არა პოლიტიკური ოპონენტები, არამედ ხალხია. ამის მაგივრად წარმოდგენილი ისევ იგივე მიმართულების ბიუჯეტი და რა თქმა უნდა, ამ დღეებში ამაზე მსჯელობა იქნება, სადაც სოციალური ხარჯები, მაგალითად, ისეთი მწვავე საკითხები, როგორიც არის ავარიული სახლები, როგორიც არის სოციალური სასადილოები არის დაკლებული. ხელისუფლებას არანაირი დასკვნები მთელი ამ 2-3 თვის პროცესებიდან არ გამოუტანია, რაც ძალიან სამწუხაროა. ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენ წინ გველის, ალბათ, იქნება ბიუჯეტის განხილვა. მაშინ შემოგიერთდებით, ახლა კი დაგტოვებთ, რომ ეს რიგითი მიმდინარე საკითხები უჩვენოდ განიხილოთ,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
იმ დროს, როდესაც გიორგი გაბაშვილი სხდომათა დარბაზს ტოვებდა, თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, განაცხადა, რომ უფასო სასადილოების მიმართულებით ბიუჯეტი გაზრდილია. ზარქუამ გაბაშვილს არაკომპეტენტურობაში დასდო ბრალი და ბიუჯეტის წაკითხვისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, საკრებულოს სხდომებს ბოლო კვირებია, ნაციონალური მოძრაობის წევრები ასევე პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან.