„გაერთიანებული ოპოზიცია არის ცალსახად დაზარალებული იმიტომ, რომ მას მოჰპარეს ხმები, შედეგები, რომელიც მან დადო, ანულირებული იქნა ან გააბათილეს უამრავი ხმა,“ - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მურთაზ ზოდელავამ, გააკეთა.
ზოდელავა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის, დაკავებას ეხმაურება.
„დავით კირკიტაძე ახლა არის გაერთიანებული ოპოზიციის სახე, რომელსაც ასამართლებენ და სინამდვილეში, ასამართლებენ მასთან ერთად გაერთიანებული ოპოზიციას, როგორც სუბიექტს, რომელსაც შეუძლია, მოითხოვოს უფლებების აღდგენა,“ - განაცხადა ზოდელავამ.
ზოდელავას თქმით, მმართველი პარტია დამნაშავეებს ახალისებს და ქართული ოცნება გაერთიანებული ოპოზიციის მისამართით შეტევაზეა გადასული. მისივე თქმით, არჩევნების გაყალბების არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, გამოძიება არ მიმდინარეობს.
ზოდელავა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავში დააანონსებული მასშტაბური აქციის ჩაშლას და სამართალდამცავების მიერ გზის გადაკეტვას კრიტიკულად აფასებს.
„როცა არ გაგიშვებენ ერთი გზით, როცა გადაგიკეტავენ მეორე დარჩენილ გზას და შენ ამას გააპროტესტებ და შენ გეუბნებიან, რომ შენ ჩაიდინე დანაშაული, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ შენ გიკრძალავენ არსებობას,“ - ამბობს მურთაზ ზოდელავა.