გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. როგორც მოსალოდნელი იყო, პროკურატურა, მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის დარღვევას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლას ედავება.
ოპოზიციის დაკავებული ლიდერი ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად უკვე დღეიდან, მშრალ შიმშილობას იწყებს.
"ბრალდების შინაარსში წერია შემდეგი, რომ ინაუგურაციაზე უცხოელი სტუმრებისა და უამრავი სტუმრის გამო პოლიციის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გადაკეტილიყო კონკრეტული მაგისტრალი, რის გამოც მომიტინგეები და მათ შორის დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ავტობუსში მყოფ პოლიციელს და მიაყენა ხელის და ფეხის დარტყმით ფიზიკური დაზიანება,“-ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.
ადვოკატის თქმით, კირკიტაძის წინააღმდეგ მტკიცებულებებად გამოყენებულია მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები. კონდახაშვილის თქმით, თუ კირკიტაძეს პოლიციელზე თავდასხმა ჰქონდა განზრახული ავტობუსის გარეთ უამრავი სამართალდამცველი იდგა.
„მისი განმარტებით ეს არის მის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნა, იგი დღეიდან გადადის მშრალ შიმშილობაზე,“-ამბობს კონდახაშვილი.