19 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
ორი პოლიტიკური თანამდებობა - პარლამენტში ზურაბიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დღეს სალომე ზურაბიშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს. კომიტეტმა დასკვნაც მიიღო, რომელსაც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე წარუდგენს.

პროცედურის დასრულების შემდეგ კი სალომე ზურაბიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდება. 

„თუ ვინმე თვლის, რომ ამ შემთხვევაში არის კანონმდებლობა დარღვეული, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ უბრალოდ არ იციან პროცედურები და კანონმდებლობა. მაშინ, როდესაც პარლამენტის წევრი იკავებს მის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას, მას პარლამენტი ამ მომენტიდან უწყვეტს უფლებამოსილებას. ამ შემთხვევაშიც, სწორედ ამასთან გვაქვს საქმე,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

სალომე ზურაბიშვილს არ მიუმართავს პარლამენტისთვის მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე და პარლამენტი მისგან დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტისთვის ადრე უნდა მიემართა.  

„26 დეკემბრიდან 21 დეკემბრამდე, სალომე ზურაბიშვილს ექნება ორი პოლიტიკური თანამდებობა ერთდროულად, ეს არის ქვეყნის პრეზიდენტი და პარლამენტის წევრი. მე მგონი, აქ საუბარი რამდენად ჯდება საკანონმდებლო პროცედურებსა და ვადებში, უხერხულია, როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის პრეზიდენტს. სალომე ზურაბიშვილს უნდა მიემართა პარლამენტისთვის უფრო ადრე,“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

 

დღის ამბები