გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, დავით კირკიტაძეს 30 პარლამენტარი თავდებში ჩაუდგება. ამის შესახებ განცხადება, დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა გააკეთა.
დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ უკვე მიმართა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვს.
„არ არსებობს არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომ აღნიშნული ბრალდების ფარგლებში დავით კირკიტაძის წინააღმდეგ შეფარდებული იქნას ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება,“ - განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატის განცხადებით, დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და ხვალინდელ სხდომაზე მოსამართლეს შესთავაზებენ, რომ საერთოდ არ იყოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება. თუმცა, ადვოკატის თქმით, თუ მოსამართლე აღნიშნულ შეთავაზებას არ დათანხმდება, მაშინ გირაოს ან თავდების სანაცვლოდ გათავისუფლებას შესთავაზებენ.
„პროკურატურა შუამდგომლობს დაპატიმრების გამოყენებასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აბსოლუტურად არ შეესაბამება სამართლის მოთხოვნას, ვინაიდან, დღეის მდგომარეობით არ არსებობს არც მიმალვის საფრთხე, მით უმეტეს, დავით კირკიტაძის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულების განადგურების საფრთხე, მეტიც, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, საქართველოს პარლამენტის 30-მდე წევრი წერილობით შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და ისინი აცხადებენ თანხმობას, რომ თავდებად ჩაუდგნენ ბატონ დავითს და უზრუნველყონ მისი სათანადო ქცევა და ეს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ინსტრუმენტია, ჩვენ აღნიშნულ წერილობით შუამდგომლობას წარვადგენთ სასამართლო პროცესზე,“ - განაცხადა ადვოკატმა.
პროკურატურა დავით კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.
ოპოზიციის დაკავებული ლიდერი ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.