სალომე ზურაბიშვილი, არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებს იწყებს. პრეზიდენტი მესამე სექტორის წევრებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე, კანდიდატურის დასახლებამდე შეხვდება.
კონსულტაციები დღეს საღამოს იგეგმება. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ პრეზიდენტმა კანდიდატები ხვალ უნდა წარადგინოს, რაც ძალიან მოკლე დროა. სწორედ ამიტომ, ისინი საკუთარ კანდიდატურებს არ დაასახელებენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ კანდიდატებზე მოხდეს შეჩერება და გადაწყვეტილების მიღება, ვისთან მიმართებითაც არ იქნება აფილაცია პოლიტიკურ კონტექსტში. საია-ს არ გვყავს კანდიდატი და არ ვაპირებთ დასახელებას, იმდენად მცირე დროა, რომ ისეთი პასუხისმგებლობის აღება, ორი-სამი საათით ადრე ადამიანს დაუკავშირდე, ესაუბრო კანდიდატობაზე ვფიქრობ, არაგონივრულია,“-ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატად ისევ თამარ ჟვანიას დასახელებას აპირებს. მესამე სექტორში ამბობენ, რომ ჟვანიას თავმჯდომარეობის დროს იყო პოზიტიური ნაბიჯები, თუმცა არსებობდა ბევრი კითხვა ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებზე.
„თამარ ჟვანიას რაც ეხება, შემიძლია ვთქვა, რომ მისი ცესკო-ს თავმჯდომარეობის პერიოდს ახლდა პოზიტიური ნაბიჯებიც და ასევე იყო გამოწვევები და პრობლემები, რომელის შესახებ ვსაუბრობდით, ეს ეხებოდა როგორც საარჩევნო დავების განხილვას, იგივე საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხს,“-ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.