სალომე ზურაბიშვილის პირველი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელმაც უახლოესი 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულობა და გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს - დღის წესრიგში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დასახელება დგას.
ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველად არასამთავრობო სექტორის ნაწილს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესარჩევად შეხვდა, თუმცა პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ მედიასთან კონტაქტი არ ჰქონია.
შეხვედრამ გავლენიანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დემარშის ფონზე ჩაიარა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების“ არც ხელმძღვანელები და არც წარმომადგენლები ზურაბიშვილთან აუდიენციაზე არ მივიდნენ. შეხვედრაზე არ იყო არც საია-ს თავმჯდომარე, სულხან სალაძე. „ახალგაზრდა იურისტებმა“ პრეზიდენტთან წარმომადგენელი გააგზავნეს.
„ქართულ ოცნებასაც“ და სალომე ზურაბიშვილსაც პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ. „კურიერის“ ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ისევ თამარ ჟვანიას უხელმძღვანელებს, შერჩევის პროცესი კი ფორმალური ხასიათისაა.
ერთ საათიან შეხვედრაზე პრეზიდენტი ნანა კაკაბაძესთან, ვლადიმერ ბოჟაძესთან, დავით ლილუაშვილთან და გრიგოლ გაგნიძესთან ერთად შეთანხმდა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე ოთხ კანდიდატურას წარადგენს. ესენია - ცესკოს მოქმედი მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ასევე ვლადიმერ ბოჟაძე და მარიამ შელეგია.
დასახელებული კანდიდატურებიდან ლადო ბოჟაძე ერთადერთი იყო, ვინც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა. ის ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა. თავად ბოჟაძე მზად არის ცესკოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს.
არასამთავრობო ორგანიზაციები სალომე ზურაბიშვილს საკუთარ კანდიდატურას ხვალ 12:00 საათამდე წერილობითაც წარუდგენენ, 18:00 საათამდე კი საქართველოს პრეზიდენტმა სამი კანდიდატურა უნდა შეარჩიოს და ცესკოს წარუდგინოს.
თავჯდომარე ის გახდება, რომელიც ცესკოს წევრებიდან ოთხ ან მეტ ხმას მიიღებს, ამის შემდეგ ცესკოს წევრების შერჩეული კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.