19 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
ასეთ პოზიციებზე ხარკის გადახდა არ არსებობს - თამარ ჟვანია ოპოზიციას პასუხობს

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი თამარ ჟვანია ოპოზიციის კრიტიკას ეხმაურება. ჟვანიასთვის გაუგებარია, რას გულისხმობენ ხელისუფლების ოპონენტები, როდესაც ამბობენ, რომ „ოცნება“ ცესკო-ს ყოფილ თავმჯდომარეს „ხარკს“ გადაუხდის და თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშნავს.

თამარ ჟვანიას შეფასებით, მისი თავმჯდომარეობის დროს საარჩევნო ადმინისტრაცია ხარვეზების და დარღვევების გარეშე მუშაობდა.

„ხარკის გადახდა არ არსებობს ასეთ პოზიციებზე. ასეთ პოზიციებზე არსებობს ნეიტრალიტეტი, დამოუკიდებლობა და თქვენ ყველა ძალიან კარგად ნახავთ საქმეში, რომელიც ადმინისტრაციამ 5 წლის განმავლობაში ნახა და შემდგომი წლების განმავლობაშიც დაამტკიცებს იმ შემთხვევაში თუ მე ვიქნები ამ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომ ყველაფერი იქნება ხალხის ნების მიხედვით,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

თამარ ჟვანია სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში გასულ იმ ვიდეომასალაზეც საუბრობს, რომელიც არჩევნების გაყალბებას ასახავს. ჟვანიას განცხადებით, ის იყო პირველი, რომელმაც კადრების გავრცელების შემდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.

„როდესაც ვნახე კადრები, ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელმაც სამართლებრივ გზას მივმართე, მე პირადად, საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით, მეორე დღესვე გავუგზავნე კადრები პროკურატურას, გამოძიების დაწყების მიზნით და შესაბამისი შესწავლის მიზნით,“ - ამბობს ჟვანია.

ცესკოში ფარული კენჭისყრა დღეს 14:00 საათისთვის დაიწყება. ჟვანიასთან ერთად კენჭს ასევე იყრიან ვლადიმერ ბოჟაძე და მარიამ შელეგია. აღნიშნულ კენჭისყრაში მონაწილეობას ცესკო-ში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი არ მიიღებს, რადგან თვლის, რომ კენჭისყრის პროცესი ფარსია. 

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები პრეზიდენტმა პარასკევს წარუდგინა. იმ შემთხვევაში თუ ცესკოს წევრები თავმჯდომარეს ვერ აირჩევენ, მაშინ კანდიდატები პარლამენტს წარედგინება. 

დღის ამბები