იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს. საუბარია მძიმე დანაშაულების გამოძიების ხანდაზმულობის ვადის გახანგრძლივებაზე.
პარლამენტში იმყოფებოდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი. ოჯახის უფლებადმცველი საგამოძიებო ჯგუფის შექმნას მოითხოვს, რომელიც ნდობით აღჭურვილი პირი იქნება.
„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ 2023 წელს, როდესაც 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდება, ისევ ვიყოთ ამ რეჟიმში. ამ საქმეზე კონკრეტული საპროცესო შედეგი და შემაჯამებელი გადაწყვეტილება უნდა მიღებულ იქნეს უახლოეს პერიოდში, ეს არის მაქსიმუმი 6 თვე. ჩვენ გვჭირდება ფართო საგამოძიებო ჯგუფის შექმნა, რომელსაც უნდა უხელმძღვანელოს ოჯახის ნდობით აღჭურვილმა პროკურორმა,“- განაცხადა ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა.
ვადის გაგრძელებაზე თანხმობა კომიტეტის წევრებმაც განაცხადეს.
„პროცესის დამთავრება ამ ეტაპზე ხანდაზმულობის საფუძველზე იქნებოდა ყველანაირად არასწორი. ერთადერთი სამართლებრივი გამოსავალი, რაც არის, არის ზოგადად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებთან მიმართებაში ხანდაზმულობის ვადის გაზრდა. ეს პოზიცია ჩვენი საერთო პოზიცია, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ,“- განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი