19 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
"ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვერ ითვისებს იმ გამოყოფილ ბიუჯეტს, რომელიც მისთვის არის დამტკიცებული" - ოთარ კახიძე

ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულიას, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ხელისუფლების ოპონენტები საკმაოდ მწვავე შეკითხვებს უსვამდნენ. პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, მინისტრს მიმართა და განაცხადა, რომ მთავრობა ერთადერთ სიტყვას, რასაც იყენებს, ჭარბვალიანობაა. 

„ჭკვიანმა თუთიყუშმაც კი იცის 100 სიტყვაზე მეტი. მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ერთადერთი სიტყვა არის ჭარბვალიანობა. დაიჩემეთ ჭარბვალიანობა. როდის გაჩნდა ეს ჭარბი ვალი, ხალხი მძიმედ, მაგრამ მაინც იხდიდა კრედიტებს, გაუფასურდა ლარი, 60%-ით დაეკარგა ხალხს შემოსავალი უცხოურ ვალუტაში,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ, კი განაცხადა, რომ გიორგი ქობულიას უწყება ვერ ითვისებს მისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს.

„თქვენ ხართ არა ქართული ოცნების მთავრობის წევრი, არამედ რაღაც პოლიტიკური მიმომხილველი, ან ექსპერტ-ანალიტიკოსი, რომელიც გვესაუბრებით რაღაც, თითქოს, სხვა მთავრობაზე, სხვა გუნდზე ვსაუბრობთ. ახლა დავაკონკრეტებ, რას ვგულისხმობ - როდესაც ამბობთ, რომ ინფრასტრუქტურა არის გასავითარებელი, ამავე დროს, წესით, უნდა გქონდეთ ინფორმაცია, რომ თქვენი ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვერ ითვისებს იმ გამოყოფილ ბიუჯეტს, რომელიც მისთვის არის დამტკიცებული. ასეულობით მილიონი ლარი არის გაუხარჯავი,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ჭიჭინაძემ, რომელმაც ყურადღება უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებზე გაამახვილა.

„ყველაფერი აქციეთ ციფრებად, რაა. ფინანსთა მინისტრი იძახის, რომ რა მოხდა, გადამზიდავებს შევამცირებთ, 3 ათასი კაცი დარჩება უმუშევარი, ახლა იქ სიგარეტზე გვაქვს, აგარა დარჩება უმუშევარი. ციფრებად გაქვთ ქცეული. რა მოხდა, 3 ათასი, ათასი, 2 ათასი. ეს კონკრეტული ადამიანები არიან და კონკრეტული ოჯახებია მათ უკან, როდესაც ისინი სამუშაოს კარგავენ, ეს არის მათი პირადი ტრაგედია,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 

დღის ამბები