იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მათდამი კრიტიკულად განწყობილ არამოსამართლე წევრებს უპირისპირდებიან.
როგორც კონკრეტული წევრების საჯარო განცხადებებიდან ხდება ცნობილი, საბჭოში აქტიურად ფიქრობენ იმაზე, როგორ მოიშორონ თავიდან ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი. არაა გამორიცხული, საბჭომ საქართველოს პრეზიდენტს სპეციალური განცხადებით მიმართოს და ანა დოლიძის უკან გაწვევა მოსთხოვოს. ეს უკანასკნელი სწორედ პრეზიდენტის კვოტითაა დანიშნული.
ანა დოლიძემ განაცხადა, რომ პირველი შეტყობინება იმის თაობაზე, რომ მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას აპირებენ, შიდა ჩატში გავრცელდა, თუმცა, მოგვიანებით, 10 დეკემბრით დათარიღებული სერგო მეთოფიშვილის საჯარო პოსტში წერია, რომ ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი დემაგოგიურ და პოპულისტურ განცხადებებს აკეთებენ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, სერგო მეთოფიშვილის, პოსტის მიხედვით, ის აპირებდა, უახლოეს სხდომაზე საკითხად გამოეტანა ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წინადადება და ინიციატივით სხვა წევრებისთვის მიემართა.
ანა დოლიძე ამბობს, რომ მოსამართლე წევრებს კრიტიკული წევრის ხმის ჩახშობა სურს.
„ამის მოსწრება რთული იყო იმიტომ, რომ ინაუგურაცია ახლა მოხდა და თან ჩქარ-ჩქარა ხაშლამასავით ამ მოსამართლეთა სიის გატანა უფრო მნიშვნელოვანი იყო იუსტიციის საბჭოს შემადგენლობისთვის. თუმცა, რადგან ამ დაჯგუფებამ ეს გაბედა, ბუნებრივია, ისინი იმასაც გაბედავენ, რომ მათთვის ყველაზე მეტი უხერხულობის შემქმნელი წევრი მოიცილონ. ამ შემთხვევაში ჩემ თავს ვგულისხმობ. ქალბატონ ნაზიზეც იყო იგივე, მაგრამ იმ შემთხვევაში პარლამენტს უნდა მიმართონ და ალბათ, ეს უფრო გაჭირდება. მე და ქალბატონი ნაზის ზედმეტად აქტიურობა დისკომფორტს უქმნის ამ შემადგენლობას, რომელიც სიბნელეში, ჩუმ-ჩუმად, კვირა საღამოს ძალიან კარგად აღწევს თავის მიზნებს. ეს არ არის ახალი ამბავი, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, მორგი ხაფანგს დაუგებს ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მოუწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. როგორც ამ სიის წარდგენა, ესეც ხაფანგია, პირველ რიგში დაგებული ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.