ათობით ათასი ლარი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე რჩეულ არასამთავრობო ორგანიზაციას გადაურიცხა. ფული იმ ორგანიზაციებმა მიიღეს, რომლებმაც არჩევნების დასრულებისთანავე ახალი ვადით ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანია წარადგინეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სახეზეა არაფორმალური გარიგება. მათი თქმით, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ წარდგენის სანაცვლოდ, ჟვანიამ ნაკლებადცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ბიუჯეტის ფულით მოისყიდა.
ორგანიზაციების ნაწილი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თამარ ჟვანიამ დააფინანსა, ინტერნეტშიც არ იძებნება და ვებგვერდიც არა აქვთ.
რამდენიმე არასამთავრობოს კურიერი ტელეფონით დაუკავშირდა. მრავალენოვანი საქართველოს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა რუსთავი2-თან საუბარი არ ისურვა.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრში ადასტურებენ, რომ ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციიდან 7 გრანტი მიიღეს.
ახალგაზრდულ ცენტრს ჩვენი თაობა 1921-ს ლევან ალურიშვილი ხელმძღვანელობს. ის ოპოზიციის წინააღმდეგ რადიკალურ აქციებში არაერთხელ მონაწილეობდა, მათ შორის, ერთ-ერთი აქციის დროს ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ის პოლიციამ დააკავა.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას თამარ ჟვანია იღებს. განათლების ცენტრი, როგორც სიპი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაქვემდებარებაშია. მას ცალკე ბიუჯეტი არა აქვს და საბოლოოდ გადაწყვეტილებასაც სწორედ ცესკოს თავმჯდომარე აწერს ხელს. ოპოზიციის შეფასებით ეს, სულ მცირე, ინტერესთა კონფლიქტია.