19 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
მნიშვნელოვანია, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყოს - გარდაცვლილი დირექტორის შვილი პროკურატურაში იმყოფებოდა

ზუგდიდი მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას, შვილი პროკურატურაში გამოკითხეს. მთავარ საგამოძიებო უწყებაში ბაჩანა შენგელია 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

შენგელიას თქმით, მისი დედა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ემსხვერპლა და ამის დასადასტურებლად პროკურატურას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ის ია კერზაიას საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

ბაჩანა შენგელია კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს, მათ შორისაა განათლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი და უწყების სამი თანამშრომელი.

„მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია და აქვთ მათ სამართლებრივი საფუძველი, რომ დაიწყონ გამოძიება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყება, შესაბამისად, შესაძლებელია ძალიან მარტივად ობიექტური გამოძიების პირობებში დადგინდეს დამნაშავეები და ისინი პასუხისგებაში მიეცნენ,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ია კერზაია, რომელსაც ინსულტი ჰქონდა, დეკემბრის დასაწყისში გარდაიცვალა. მისი შვილი ამბობს, რომ მისი დედის ავადმყოფობა წინასაარჩევნოდ განვითარებულმა პროცესებმა გამოიწვია.

ბაჩანა შენგელიას თქმით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას აიძულებდნენ, რაზეც ია კერზაიამ უარი განაცხადა. შენგელიას განმარტებით, ამის შემდეგ განათლების სამინისტროს ინსპექციაში ანონიმური წერილი შევიდა, მოგვიანებით კი მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექციამ მუშაობა დაიწყო. ბაჩანა შენგელიას თქმით, მისი დედა ამ პერიოდში მიღებულმა სტრესმა იმსხვერპლა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები