ოპოზიცია საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების დროულ გამოძიებას ითხოვს.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას, თქმით, მან პარლამენტში შს მინისტრს გააცნო დარღვევის ფაქტები, თუმცა, გიორგი გახარიას კონკრეტული პასუხი არ გაუცია.
„გახარიამ გვითხრა დაბეჯითებით, რომ წადით და მოკითხეთ კრიმინალ ფარცხალაძეს იმიტომ, რომ გამოძიება არის პროკურატურაშიო. პროკურატურა, ყველამ კარგად იცის, რომ კონტროლდება ფარცხალაძის მიერ, რომელიც დადის და ადამიანებს სცემს,“ - ამბობს ბოკუჩავა.
თინა ბოკუჩავა, გარდა საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების გამოძიებისა, დროულ რეაგირებას ითხოვს მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც.
თინა ბოკუჩავას კრიტიკა მიუღებელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის.
ანრი ოხანაშვილის თქმით, გიორგი გახარიამ ოპოზიციას კონკრეტული პასუხი გასცა.
ოხანაშვილი ასევე ამბობს, რომ ფარცხალაძის საქმეზეც, რომელიც აუდიტის ყოფილ ხელმძღვანელზე, ლაშა თორდიაზე, სავარაუდო ძალადობას ეხება, დაწყებულია გამოძიება.
„თეთრით შავზე გვიმტკიცებს ეს ხალხი, რომ რაღაც საკითხები, რაც მათთვის მიუღებელია, ეს არის პოლიტდევნილი და ა.შ. აქვე კლავენ კონსენსუსის იდეას,“ - ამბობს ოხანაშვილი.