სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ბრალდებულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ლევან შონიას დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამის შესახებ ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ოფიციალურად ადასტურებს. საუბარია 10 ათას ამერიკულ დოლარზე.
მძიმე ბრალდების მიუხედავად, შონიამ ანტიკორუფციული სამსახური ბრალის წარდგენიდან მალევე დატოვა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შონია მმართველ გუნდს საპრეზიდენტო არჩევნების დროს სამეგრელოში დაეხმარა და შესაბამისად, სწორედ ეს გახდა იმისა მიზეზი, რომ სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი საპატიმროში არ იმყოფება.
„ქვეყანაში შექმნილია კორუფციული სისტემა და რიგითი მოხელეებიდან დაწყებული, უმაღლესი თანამდებობის პირებით დამთავრებული ყველა ჩართული არიან კორუფციულ სისტემაში. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ზრუნავდეს ხალხზე, თანამდებობის პირები დაკავებულები არიან პირადი გამდიდრებით და კორუფციული სისტემის განვითარებით. დღევანდელმა ფაქტმა დაადასტურა ხელისუფლების დამოკიდებულება, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება აღკვეთდეს ასეთ დანაშაულებს და ებრძოდეს, პრაქტიკულად, ინდულგენცია მისცა და თავისუფლება აჩუქა გუბერნატორ შონიას,“ - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.
ლევან შონიასთვის ბრალის წაყენების შესახებ განცხადება გააკეთა „ევროპული საქართველოს“ წევრმა. ოთარ კახიძემ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა.
„ამაზე გამახსენდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადება, რომ ჩვენი გუნდის ლიდერებს წინ რომ ფული დაუდოო, ხელს არ მოკიდებენო,“ - აღნიშნა ოთარ კახიძემ.