19 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
ეს არის ეკა ბესელიას პირადი პოზიცია და ბუნებრივია, მას აქვს ამის უფლება - მამუკა ბახტაძე ბესელიას წასვლაზე საუბრობს

ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვებას პრემიერი, მამუკა ბახტაძე ეხმაურება. პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ კომიტეტის დატოვება ეკა ბესელიას პირადი გადაწყვეტილებაა, რის უფლებაც მას აქვს.

მამუკა ბახტაძემ ასევე შეაფასა ბესელიას მიერ წასვლასთან დაკავშირებით გაკეთებული განმარტება, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი წასვლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსახილველად წარდგენილი კანდიდატების სიას უკავშირდება.

პრემიერის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუციები დამოუკიდებლად, სხვების ჩარევის და კარნახის გარეშე უნდა მუშაობდეს.

„ეს არის ქალბატონი ეკას პირადი პოზიცია და ბუნებრივია, მას აქვს ამის უფლება და მე ვფიქრობ, მან გააკეთა განმარტება... ჩემი პოზიცია აუცილებლად და ყოველთვის იქნება ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს არ უნდა ჩაერიოს ხელისუფლების სხვა შტოში მიმდინარე პროცესებში. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოზე თქვენ მოგეწონებათ, რომ როგორც ხდებოდა, ქვეყნის პირველი პირები ურეკავდნენ მოსამართლეებს და თავის მოსაზრებებს ეუბნებოდნენ, მე ვფიქრობ, ეს არის სრულიად მიუღებელი. ღმერთმა არ ქნას, რომ ყველა საკითხზე იყოს აზრთა ერთობლიობა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და პოლიტიკური გუნდი არის თანხვედრაში ამ ინტერესებთან დაკავშირებით,“ - ამბობს მამუკა ბახტაძე.

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მისი წასვლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსახილველად წარდგენილი კანდიდატების სიას უკავშირდება და განმარტა, რომ სიაში არიან მოსამართლეები, რომლებიც მისი შვილის და ძმის საკითხებს განიხილავდნენ. მისივე თქმით ეს პიროვნებები განიხილავდნენ არამხოლოდ მისი ოჯახის წევრების საკითხს, არამედ ვანო ზარდიაშვილის ოჯახის ახლობლების საქმეებსაც. 

დღის ამბები