საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილი ეკა ბესელიას გადადგომას და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კრიტიკულად აფასებს.
„ქართული ოცნების“ წევრებისთვის ეკა ბესელიას განმარტება მიუღებელია, რომელმაც წასვლის მიზეზის განმარტებისას თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება მოსამართლეთა უვადოდ გამწესებას უკავშირდება.
არჩილ თალაკვაძის თქმით, დასახელებული მიზეზი გაუგებარია, რადგან მმართველი გუნდის ერთიანი პოზიციაა, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებაზე საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელონ.
„ჩვენ, პარტიის თავმჯდომარეც და გუნდის თითოეული წევრიც იმთავითვე მომხრე ვიყავით იმ პრინციპის, რომ სასამართლოს საქმიანობაში სხვა შტოების მხრიდან არ ყოფილიყო ჩარევა, სწორედ ამ დამოუკიდებლობის ფარგლებში ჩაატარეს მათ პროცესი და წარმოადგინეს კანდიდატურები პარლამენტში. თუმცა, როგორც იცით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ის იყო პრაქტიკულად საერთო გადაწყვეტილება უკვე, როგორც გაცხადდა, რომ ამ საკითხს ჩვენ დავუბრუნდებით საგაზაფხულო სესიაზე, მანამდე კი იქნება მსჯელობა წესსა და პროცედურებზე. მე მინდა, ყველა დაგარწმუნოთ, რომ ამ პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობა, მყარი უმრავლესობით 2020 წლის ბოლომდე გააგრძელებს მუშაობას,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ეკა ბესელიას განცხადებას კრიტიკულად აფასებს ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძეც.
მდინარაძის თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცილებით ადრე გავრცელდა, თუმცა, ბესელიას და ზარდიაშვილის განცხადებებამდე გუნდის წევრებს პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.
„მე შემიძლია დაგიდასტუროთ და თქვენ თქვენი თვალითაც ნახეთ, რომ არის გუნდში გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული უთანხმოება. ფაქტი არის შემდგარი, ორივე თანამდებობის პირმა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე მისმა პირველმა მოადგილემ, გააკეთეს დღეს განცხადებები, დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია თავიანთ გადადგომასთან დაკავშირებით. სუბიექტურ ფაქტორებს სიღრმეებში ნუ ჩავყვებით, ეს ინფორმაცია ხმოვანდებოდა რამდენიმე თვის წინაც და ვიდრე გადაწყვეტილება საბოლოო არ იქნებოდა, ამ ადამიანების გარეშე, ბუნებრივია, ჩვენ მათ მაგივრად პოზიციებს ვერ დავაფიქსირებდით. მე გეტყვით კონკრეტულ ფაქტს და ჩემს შეფასებასაც კი არ გავაკეთებ იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ძალიან ცხადი და ნათელი იყოს ეს ყველაფერი. გუშინ მთლიანმა გუნდმა და, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს საკითხი ფორსირებულ და დაჩქარებულ რეჟიმში არ განიხილებოდა და ქალბატონმა ეკამ დღეს გააკეთა ეს განცხადება, რაც გააკეთა, მე მგონი, დასკვნის გამოტანა არ არის რთული,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. ბესელიამ აღნიშნა, რომ მისი წასვლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსახილველად წარდგენილი კანდიდატების სიას უკავშირდება და განმარტა, რომ სიაში არიან მოსამართლეები, რომლებიც მისი შვილის და ძმის საკითხებს განიხილავდნენ. მისივე თქმით ეს პიროვნებები განიხილავდნენ არამხოლოდ მისი ოჯახის წევრების საკითხს, არამედ ვანო ზარდიაშვილის ოჯახის ახლობლების საქმეებსაც.