„ეს აჟიოტაჟი არის ატეხილი სრულიად არაფრის გამო,“- ეს განცხადება ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა 10 კაციანი სიის პარლამენტში წარდგენაზე გააკეთა.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თქმით, ვერც საბჭოს მიერ წარმართულ პროცესსა და ვერც შედგენილ სიაში პრობლემას ვერ ხედავს. მურუსიძის თქმით, მოსამართლეებს შეურაცხყოფა არავინ უნდა მიაყენოს და ისინი ყველა შეკითხვას პასუხს გასცემენ.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ორგანო, რომელიც არ ნიშნავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ის მხოლოდ წარადგენს. ასევე საქართველოში არის ასეთი კატეგორიის, ჯერ პრეზიდენტი წარადგენდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და არავის პრეტენზია არ ჰქონდა. წარადგენდა თავის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავეებს. პარლამენტის თავმჯდომარეს, ვთქვათ, აქვს უფლება, დაასახელოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. ასახელებს და პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალე პროცესი, თქვენ იცოდით, რის მიხედვით, შეარჩია პრეზიდენტმა კანდიდატები, როდესაც წარადგინა უზენაეს სასამართლოში. მთავარი თემა ამ სიტუაციაში არის ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემა პოლიტიკაში არ უნდა შევიდეს. არავინ უნდა მიაყენოს მოსამართლეს შეურაცხყოფა. მოსამართლეები მზად არიან, ნებისმიერ შეკითხვას ღია სხდომებზე გასცენ პასუხი,“- განაცხადა ლევან მურუსიძემ.
საკანონმდებლო ორგანომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატზე მსჯელობა შეაჩერა და პროცესი საგაზაფხულო სესიამდე გადადო.