მონსტრების კორპორაციას ვაწერთ დღეს ხელს - ეს განცხადება, "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნაზე საუბრისას გააკეთა.
უგულავას თქმით, წინა ხელისუფლების პრობლემა სწორედ სასამართლო სისტემა იყო, რომელსაც "ქართული ოცნება" დღეს იმეორებს. მისი თქმით, ლევან მურუსიძე სწორედ ადეიშვილის დროს იყო მოსამართლე და დღეს არალოგიკურია, როდესაც ხელისუფლება იგივე მოსამართლეს უვადოდ ამწესებს.
„სრულიად გაუგონარ უტიფრობასთან გვაქვს დღეს საქმე, როდესაც მურუსიძეს უკვე პირდაპირ ნიშნავენ უვადოდ მოსამართლედ. საერთოს ყველაფერი აღრევა ხდება. მაშინ, რატომ არის ბილბორდებზე გამოკრული ადეიშვილი? რა ლოგიკაა? - ამბობს უგუალავა.
მისი თქმით, "ევროპული საქართველოს" სურვილია სასამართლო სისტემაში იყვნენ დამოუკიდებელი მოსამართლეები, თუმცა ეს მურუსიძის და ჩინჩალაძის "კლანის" პირობებში შეუძლებელია.
"ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ არ გვინდა არც ადეიშვილის მოსამართლე, არც ივანიშვილის მოსამართლე. ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი მოსამართლე და ამ მოსამართლეების პირობებში, ეს შეუძლებელია, მურუსიძის კლანის და ჩინჩალაძის კლანის პირობებში ეს შეუძლებელია. რა ლოგიკაა, რომ ადეიშვილის მოსამართლეა ცუდი და ივანიშვილის კარგია? ერთი და იგივე ადამიანზე რომ ვსაუბრობთ. თუ იმ 9 წელს იყვნენ შემჩნეული ცუდ საქმეებში, ეს 6 წელი ასევე ცუდ საქმეებს აკეთებენ, რატომ ვნიშნავთ ამ ადამიანებს, თან ვნიშნავთ უვადოდ იმისათვის, რომ ხვალ არც გიგი იქნება, არც ივანიშვილი იქნება, არც მიშა იქნება და არავინ არ იქნება და ჩვენს შვილებს დარჩებათ და მომავალ თაობას დარჩება ეს მოსამართლეები მომდევნო 20 და 30 წელიწადი, რომ ისინი აწამონ. მონსტრების კორპორაციას ვაწერთ დღეს ხელს. დღეს ფორმდება საბოლოდ, როდესაც უვადოდ ინიშნებიან, მონსტრების კორპორაცია ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც მერე ვეღარავინ მოერევა. თან ეს წინასაახალწლოდ ახლა უნდათ, რომ საცივში გაატარონ ეს ყველაფერი და ვითომ ხვალ რომ გათენდება მურუსიძე აღარ გვემახსოვრება. უტიფრობაა ეს ყველაფერი, უსინდისობაა, ეს ესე არ დარჩება, ეს აუცილებლად გახეთქავს. სასამართლო და მართლმსაჯულება იყო მთავარი პრობლემა ჩვენი ხელისუფლების, რომელმაც ეს გადაიყოლა მაშინ ხელისუფლება და წავაგეთ და ზუსტად ანალოგიურად, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება ამ მანდატით მოვიდა, მოვიდა ადამიანის მანდატით და მართლმსაჯულების გაუმჯობესებით და არა მურუსიძის სამისდღემჩიოდ დანიშვნით. საზოგადოების პასუხი ამაზე იქნება უმწარესი,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.