19 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ბიძინა გეგიძე ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებას ღიად უპირისპირდება

მოსამართლეთა შერჩევის წესი და ლევან მურუსიძის უვადოდ განწესება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბიძინა გეგიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააპროტესტა. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე მხარდაჭერას უცხადებს ეკა ბესელიას, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლის მთავარ მიზეზად, სწორედ მოსამართლეთა შერჩევა დაასახელა.

გეგიძე ღიად აპროტესტებს იმას, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხდება და ეწინააღმდეგება ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებას.

ბიძინა გეგიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის მთავარი პრინციპი სწორედ სამართლიანი სასამართლო იყო, ამაში ხელისშემშლელი კი დეპუტატის შეფასებით, სწორედ მურუსიძეა.

„მურუსიძეს ჰქონდა იმის შანსი - მდივნის რანგში მოღვაწეობა და მერე მოსამართლეობა, ვთქვათ, ის სამი წლის მანძილზე იყო მოსამართლე. მას უნდა მოეხერხებინა და რაღაც რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინა საკუთარი თავის, პროფესიის და საკუთარი რეპუტაციის.

„ეკა ბესელია იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი რაც მოხდა პარლამენტის სივრცეში, რომლისთვისაც მიუღებელი იყო ეს ყველაფერი, რაზეც მე ვილაპარაკე და არ აღმოჩნდა ეკა ბესელია მარტო,“ - განაცხადა გეგიძემ.

ბიძინა გეგიძემ დღეს ყოფილი პრემიერიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილისნაირი პროფესიონალების წასვლა ქვეყნის პოლიტიკაზე ცუდად მოქმედებს.

„გიორგი კვირიკაშვილს გააჩნდა, თანაც მაშინ იმანაც დამამუხრუჭა, რომ პრემიერ-მინისტრი იყო, ესეც ხომ მნიშვნელოვანია ვთქვათ, ხომ, პრემიერ-მინისტრი იყო და ალბათ, მეგობრობა ხელს მიშლიდა, რომ საჯაროდ გამოვიდოდა, რომ დავიცავდი მას როგორც პრემიერ-მინისტრს, არა, პოლიტიკა გაღარიბებული მგონია, იმიტომ, რომ ასეთი მონაცემების და თვისებების და კომპეტენციების მქონე ადამიანები ქართულ პოლიტიკას რომ აკლია, ეს ფაქტია,“ - განაცხადა გეგიძემ.

იუსტიციის საბჭოს მიერ უვადოდ გამსაწესებელ მოსამართლეთა სიის წარდგენას პარლამენტში განხეთქილება და დაპირისპირება მოჰყვა. მმართველ გუნდში მომხდარი დაპირისპირების გამო ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ბესელია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სიაში მოხვედრილ მოსამართლეებს და საბჭოს სიის უკან გაწვევისკენ მოუწოდა.

ბესელიამ ასევე კრიტიკულად შეაფასა მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნა და მძმე გადაწყყვეტილებად მოიხსენია.

დღის ამბები