"ქართული ოცნების“ ძველ სახეებსა და ახალგაზრდების გუნდს შორის დაპირისპირება უკვე საჯაროა. „ქართული ოცნების“ ე.წ. ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ირაკლი კობახიძეა, რომელსაც პარტიის ერთ-ერთ ყველაზე ძველი წევრი, ეკა ბესელია ღიად დაუპირისპირდა. კობახიძის გუნდში მოიაზრება სოფო კილაძე. ე.წ. ძველი გვარდია მოსამართლეთა სიის შეცვლას მოითხოვს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ერთსაათიანი თათბირის შემდეგ, ეკა ბესელიამ არ დამალა, რომ კობახიძესთან სადავო საკითხები განიხილა.
ბესელიამ თანაგუნდელებს ის წითელი ხაზები შეახსენა, რომლის გადაკვეთის შემთხვევაშიც მას საჯაროდ დაპირისპირებულ მხარისთვის უსიამოვნო თემებზე საუბარი მოუწევს.
დაიწყო თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ რღვევა ხელისუფლებაში მოსვლიდან 6 წლის თავზე, ამ საკითხზე ირაკლი კობახიძეს არ უსაუბრია. პარლამენტის თავმჯდომარე მედიასთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა, თუმცა ბესელიას შეახსენა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომა მისი გადასაწყვეტი იყო, შემცვლელის არჩევა კი - გუნდის. წინასწარ ცნობილია, რომ კობახიძე გედევან ფოფხაძის დანიშვნას არ ეთანხმება.
დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობიდან 3 თვის წინ გარიცხეს, „ქართული ოცნების“ გარდაუვალ დაშლაზე საუბრობს. მან პარლამენტის თავმჯდომარე არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა.
ოპოზიციის აზრით, „ქართულ ოცნებაში“ მწვავე დაპირისპირება არც გუშინ დაწყებულა და არც დღეს ამოიწურა. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მმართველ გუნდში გავლენისთვის მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის, რომელსაც შესაძლოა, „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობას კი შეეწიროს.