ია კერზაიაზე პოლიტიკური ზეწოლის საკითხის განხილვა პარლამენტში გადაიდო. პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადაიდო, რადგან სხდომას განათლების მინისტრი არ დაესწრო.
დღევანდელ შეხვედრაზე კი განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებისგან ახსნა-განმარტებები მოისმინეს.
განათლების კომიტეტის სხდომას ესწრება გარდაცვლილი ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია. თუმცა, დღევანდელ სხდომას არ ესწრება განათლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი.
მინისტრის განათლების კომიტეტში არ მისვლას ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი კითხვების მთავარი ადრესატი სწორედ მიხეილ ბატიაშვილი იყო.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრის, სერგო რატიანის თქმით, პარლამენტში მისვლა მინისტრმა გადაიფიქრა ისე, რომ მმართველი გუნდის წევრებმაც საკმაოდ გვიან გაიგეს ამის შესახებ.
„მოადგილეებიც კი არ არიან და თქვენ ფიქრობთ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი საქმე მინისტრს აქვს საერთოდ და მთავარი კითხვები არის მინისტრთან, იმიტომ, რომ მათ შორის, რატომ არ არის გათავისუფლებული დღემდე აუდიტის სამსახურის უფროსი მას შემდეგ, რაც არსებობს რეკომენდაცია, რომელიც მისცა საპარლამენტო კომისიამ,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
ია კერზაის საქმის განხილვის დროს მინისტრის დასწრების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” მდივანმა, ხათუნა გოგორიშვილმა.
„დღევანდელი სხდომა არის ფარსი, დღევანდელი სხდომა არის პლუსის დასმა, ეს დღევანდელი სხდომა არის თქვენთვის საშუალება, რომ იკეკლუცოთ მერე ტელევიზიებთან და კამერებთან, როგორ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საქმეში გარკვეულიყავით და როგორ არ არის ეს ერთეული უბედურება და როგორ არის ზოგად შემოწმებაში ჩამჯდარი ერთ-ერთი ფაქტი. ეს არის თქვენი დამოკიდებულება და ამისთვის ატარებთ თქვენ დღევანდელ სხდომას. არ შეიძლება, აზრი არ აქვს ასეთი სხდომის ჩატარებას, იმიტომ, რომ ეს არის ჩვეულებრივი სპექტაკლი და თქვენ სპეკულირებთ კონკრეტული ადამიანის უბედურებაზე,“ - განაცხადა გოგორიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ კი განათლების მინისტრი პარლამენტში მიუსვლელობის გამო „ლაჩრად“ მოიხსენია. დეპუტატმა ბატიაშვილს რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება შეახსენა, როდესაც მან ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკურ და მორალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
„ბატონო მინისტრო, აქ არის კამერები და მოგმართავთ თქვენ, თქვენ ხართ რეალურად ლაჩარი, როცა გამოუშვით აქ თქვენი ხელქვეითები და თქვენ არ მობრძანდით... სხვათა შორის, მინისტრმა განაცხადა, რომ ის იღებს მორალურ პასუხისმგებლობას და მე მაინტერესებს, ვის კვითხო, არ ვიცი, მაინტერესებს რას ნიშნავს მორალური პასუხისმგებლობა, რას ნიშნავს სხვას მორალური პასუხისმგებლობა, როცა აქ არ მოდის და ჩვენ არ გვისმენს, გავანებოთ პოლიტიკას თავი, უმძიმესი ტრაგედია მოხდა,“ - ამბობს დეკანოიძე.