19 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
კობახიძე შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელად დანიშნონ, პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ კი ივანიშვილს ბესელია შესთავაზეს

კურიერის სანდო წყაროს ინფორმაციით, პოლიტიკურ კრიზისს მმართველ გუნდში შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი შეეწიროს. ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის თანამდებობის ნაცვლად, შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავოს.

ქართული ოცნებიდან წყარო  რუსთავი2-ს უყვება, რომ მოსამართლეების თემაზე აგორებული დაპირისპირება მხოლოდ საბაბი იყო, ქართულ ოცნებაში კი კრიზისი დიდი ხანია, არსებობს და ორ ბანაკად დაყოფილი პარტია ცდილობს, პოლიტიკური გავლენები მოიპოვის.

რამდენიმე კვირის წინ ქართული ოცნების ვეტერანი დეპუტატები ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ და ირკალი კობახიძის გადაყენება და პარლამენტის თავმჯდომარედ ეკა ბესელიას დანიშვნა ურჩიეს.

კურიერის წყაროს ცნობით, მათ საჭირო დრო მოძებნეს, რადგან იცოდნენ, რომ პარტიის ლიდერი პარლამენტის თავმჯდომარეზე გაბრაზებულია, მიზეზი კი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინასწარ გამოცხადებულ მცდარ შედეგს უკავშირდება.  

რუსთავი2-ის ინფორმაციით, შიდა გადატრიალების ინიციატორებმა ქართული ოცნების ლიდერს საკანონმდებლო ორგანოს ახალ თავმჯდომარედ ეკა ბესელია შესთავაზეს.

კურიერმა გაარკვია, რომ კრიზისი, რომელიც, თითქოს, დამოუკიდებელი სასამართლოსთვის ბრძოლის მოტივით შეიქმნა, ბიძინა ივანიშვილის პროვოცირებულია. რუსთავი2-ის ცნობით, პარტიის ლიდერმა იცოდა, რომ მოსამართლეების თემას დაპირისპირება მოჰყვებოდა.

ეკა ბესელიამ კურიერს დაუდასტურა, რომ საეჭვო რეპუტაციის მოსამართლების უვადოდ უზენაეს სასამართლოში გამწესების თემაზე ბიძინა ივანიშვილთან იმსჯელეს. ქართული ოცნების თავმჯდომარემ ყველას აზრი მოისმინა, თუმცა, ამ შეხვედრაზე არ უთქვამს, რომ ამ კანდიდატურებს ეწინააღმდეგებოდა.

ბესელიამ დაანონსა, რომ მოყვება ყველაფერს. ქართული ოცნების ლიდერმა რამდენიმეჯერ მიანიშნა, თუ რაზე აპირებს საუბარს. მისი თქმით, ბევრჯერ სხვის ნაცვლად პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აუღია.

კურიერის ინფორმაციით, მმართველი პარტიის ლიდერმა გუნდს უთხრა, რომ ვისაც ვინ უნდა, იმას მისცეს ხმა. ბიძინა ივანიშვილის ეს გზავნილი კი დეპუტატებმა სხვადასხვანაირად გაიგეს.

კობახიძე-მდინარაძე-ზარდიაშვილის ფრთამ მოსამართლეების დასამტკიცებლად საჭირო ხმების მისაღებად დაიწყო მუშაობა, ეკა ბესელიამ კი - მათ ჩასაგდებად. სანდო წყარომ კურიერს განუცხადა, რომ კობახიძე-მდინარაძე-ზარდიაშვილის დაჯგუფებიდან ივანიშვილს უყვებიან, თუ როგორ იღებს ქრთამებს სხვადასხვა გარიგებიდან ეკა ბესელია.

ე.წ. ახალი თაობის დეპუტატებიდან თამარ ჩუგოშვილი ერთადერთია, რომელიც მოსამართლეების სიას ღიად უპირისპირდება და ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას "პრინციპულს" უწოდებს.

დღის ამბები