ქართული სპეცსამსახურები სკანდალში ეხვევიან - მუსლიმი თემი ამტკიცებს, რომ სულიერ ლიდერებს მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნიშნავს.
რამინ იგიდოვი შეიხად ხუთი წლის ვადით რამდენიმე დღის წინ აირჩიეს. მუსლიმი თემის ავტორიტეტული ლიდერები კი ამბობენ, რომ არანაირი არჩევნები არ ჩატარებულა. მათი თქმით, სუს-მა სამმართველოს ხმის უფლების მქონე წევრებს დაურეკა და დაავალა, ხმა იგიდოვისთვის მიეცათ.
რამინ იგიდოვი საპრეზიდენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილისთვის ხმების მოგროვების პროცესში იყო ჩართული. ის ხალხს მმართველი პარტიის კანდიდატის არჩევას სთხოვდა. სოფელ იორმუღანლოში, სადაც ხალხი სარიტუალო დარბაზში სუფრაზე დაჰპატიჟეს, გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ მუსლიმი თემის სულიერი ლიდერი, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოქალაქეებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა სთხოვდა.
კურიერს მარნეულში უყვებიან, რომ რამინ იგიდოვს შრომა დაუფასეს. ზურაბიშვილის გამარჯვებიდან მალევე იგიდოვი მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელად ახალი ხუთ წლიანი ვადით აირჩიეს.
ოფიციალურად მის კანდიდატურას მხარი საბჭოს წევრებმა დაუჭირეს. კურიერს შეიხი მირთაღი ასადოვი უყვება, რომ კენჭისყრა ფიქტიური იყო და საბჭოს წევრებზე ზეწოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებმა მოახდინეს. მათ საბჭოს წევრები დაატერორეს და ხელისუფლებისათვის სასურველი კანდიდატის არჩევა აიძულეს.
ქვემო-ქართლში ერთ-ერთი გავლენიანი სასულიერო ლიდერი, რასიმ მამედოვი, მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის არჩევნებში პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობდა.
მუსლიმი თემის სხვა რელიგიური ლიდერების ბრალდებებს შეიხი იგიდოვი არ პასუხობს. ის თემაზე საუბრობს ნაცვლად, რუსთავი2-ს აკრიტიკებს.
პარასკევის ტრადიციულ ლოცვაზე ახალი შეიხი არ მისულა. ის მარნეულის იმამაალის მეჩეთში იშვიათად ჩნდება. მორწმუნეები მის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ.
ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრში ამბობენ, რომ მუსლიმთა სამმართველო მუსლიმი მრევლის გასაკონტროლებლად ქართული სპეცსამსახურების შექმნილი ინსტრუმენტია.
ავტორი: ჯეიხუნ ნარზალოვი