განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულებები, რომელთა უმეტესობაზე დღეს პასუხი არ არსებობს. მათ შორის იყო პანკისის სპეცოპერაცია, როდესაც საკონტროლო გასროლით 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს. შემთხვევა გასული წლის 26 დეკემბერს მოხდა. თემირლან მაჩალიკაშვილი 2018 წლის იანვარში გარდაიცვალა, მამამისი ერთი წლის შემდეგაც სამართლის აღდგენას ითხოვს.
შვილის მკვლელების დასჯას ითხოვს კიდევ ერთი შვილმოკლული მამა. 2017 წელს მომხდარ მკვლელობაზე გადაწყვეტილება წელს გამოიტანეს, ისე რომ სასამართლომ ვერ დაადგინა, ვინ მოკლა დათუნა სარალიძე. მოზარდების ხმაურიან მკვლელობას ქუჩებში მანიფესტაცია და პროტესტი მოყვა. დააკავეს დანაშაულის დაფარვაში მხილებული პროკურატურის მაღალჩინოსანი, გადადგა პროკურორი, მოგვიანებით პრემიერ მინისტრიც. საქმეს სწავლობდა საპარლამენტო კომისიაც, თუმცა ყველაზე მთავარ კითხვაზე პასუხი მამამ დღესაც არ იცის.
უამრავი კითხვა ამ დრომდე უპასუხოა არჩილ ტატუნაშვილის მამისთვისაც. მისი შვილის ცხედარი გულისა და ტვინის გარეშე გამოუგზავნეს. ტატუნაშვილი ოკუპირებულ სამაჩაბლოში მოკლეს.
რამდენიმე დღის წინ ხანჯლით ბიძაშვილები მოკლეს. შემთხვევა წავკისში მოხდა.
2018 წელს მომხდარი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის გამო გადაწვეს ბრალდებულის ქონება ფოკაში. მომხდარს ამ დრომდე იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
კიდევ ერთი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული მოხდა გორში, როდესაც 9 წლის ნანა ბერიაშვილი მოკლეს.
შვილების თვალწინ მოკლული დედის საქმის გამოძიება უკვე დასრულდა. ბრალდებულ მამინაცვალსაც მიუსაჯეს. ის პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მსჯავრდებული იყო. 2018 წელი იმითაც გამოირჩევა, რომ ყველაზე მეტი დანაშაული შეწყალებულმა პირებმა ამ წელს ჩაიდინეს. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობების საქაღალდეში ხვდება ამერიკელი ოჯახის ტრაგედია ხადას ხეობაში.
კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობა 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაა. მას შეყვარებულმა 27-ჯერ დაარტყა დანა. ლადო გრიგალაშვილს მკვლელობა ამ დრომდე არ უღიარებია.