19 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა - მათიკაშვილი ბესელიას რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს 

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის საკითხი, "ქართული ოცნების" წევრებს შორის კამათისა და ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა. 

იურიდიული კომიტეტის წევრმა დავით მათიკაშვილმა, კომიტეტის უკვე ყოფილი მოადგილე ეკა ბესელია, რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა. 

მათიკაშვილის ბრალდება ბესელიას განცხადებას მოჰყვა, რომელმაც სხდომის დასაწყისში თქვა, რომ აყენებდა პირველი მოადგილეობის სამ კანდიდატურას და ამის უფლებას მას კანონი აძლევდა. 

საპასუხოდ მათიკაშვილმა თქვა, რომ სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი კანდიდატურა იყო შეყვანილი, ხოლო სხდომაზე ბესელიამ კიდევ ორი კანდიდატურა დაამატა, რაც მისი განცხადებით რეგლამენტის დარღვევაა. 

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის რეგლამენტის დარღვევა. დღის წესრიგში პირდაპირ იყო განსაზღვრული, რომ ეს იყო გედევან ფოფხაძის არჩევა პირველი მოადგილის თანამდებობაზე. დღის წესრიგში არ ყოფილა დამატებით ორ კანდიდატზე საუბარი,"-განაცხადა მათიკაშვილმა.

რეგლამენტის დარღვევაში ეკა ბესელია რატი იონათამიშვილმაც დაადანაშაულა, თუმცა მას ლევან გოგირჩაიშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ იონათამიშვილი კალამბურებით საუბრობს და რეალურად ის საკითხის არსში ვერ ერკვევა. 

თავად ეკა ბესელიას განმარტებით კი, რეგლამენტის 31-ე მუხლით ასეთი აკრძალვა არ არის და შესაძლებელია ორზე მეტი კანდიდატის დაყენება.ბესელია ამბობს, რომ ის მზად არის ყველა კითხვასა და ბრალდებას უპასუხოს. 

„მაქსიმალურად ფრთხილად და მოზომილად ვეკიდები ყველა ჩემს განცხადებას.

მე ვარ შეგნებულად მოპასუხის როლში ყველა ჩემი კომენტარის დროს და არა თავდამსხმელის როლში.

მე მიწევს ცალკეულ არასწორ გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი ვინც სადმე იმალება და ან ვინმე შანტაჟის ენით დაელაპარაკება. თუ ეს ასე არ მოხდება და ცალკეული პირები, რომლებიც ახლები არიან და გამარჯვების მერე მოვიდნენ მშვიდ და კომფორტულ გარემოში, თუ ისინი სხვა პოზიციას აირჩევენ და აცდება ეს იმ იდეალებს, რისთვისაც ჩვენ პირველ ოქტომბერს ვიბრძოდით, გადავხედავ ჩემს პოსტს.

არა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ წავალ, რადგან მე მგონია, ეს არის პროცესი, რომელიც ყველაზე მეტად ჯანსაღია და სჭირდება გუნდს, ხელისუფლებას და საზოგადოებასაც“-აცხადებს ეკა ბესელია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გედევან ფოფხაძე აირჩიეს. ფოფხაძეს მხარი იურიდიული კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა.

კომიტეტის სხდომაზე სამი კანდიდატურა იყო დასახელებული - გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და რუსლან პოღოსიანი. ​კენჭისყრა ორჯერ გაიმართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები